დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე არ ეთანხმება საკოორდინაციო საბჭოს მიერ გუშინ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომელიც კოვიდ-გადატანილებისთვის “უვადო მწვანე სტატუსის” მინიჭებას ითვალისწინებს.
„ჩემი აზრით შესაცვლელია“– ეს განცხადება მან ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ გააკეთა.
NCDC-ის ხელმძღვანელის მოადგილე ამბობს, რომ კოვიდის ერთხელ გადატანა რეინფიცირებისგან არ გიცავს.
„უკვე გამოქვეყნებულია კვლევები… გარდა ამისა კორონავირუსით რეინფიცირების 5 000-ზე მეტი შემთხვევა ჩვენც გვაქვს ქვეყანაში. კოვიდის გადატანა იმის გარანტიას არ იძლევა, რომ ვირუსი აღარ დაგემართება“, – თქვა პაატა იმნაძემ.
კითხვაზე – მაშინ რატომ მიიღეს უვადო მწვანე სტატუსი იმ ადამიანებმა, ვინც ერთხელ გადაიტანა კოვიდი, მან უპასუხა: „კიდევ დაგროვდება სამეცნიერო მტკიცებულებები და იმედი მაქვს ეს შეიცვლება. ჩემი აზრით შესაცვლელია“.