თბილისის მერი: მზად ვარ საკრებულოსთან თანამშრომლობისთვის

277

თბილისის მერი კახა კალაძე მზადაა, დედაქალაქის საკრებულოში შემავალ ყველა პარტიასთან ითანამშრომლოს. ამის შესახებ მან მედიას განუცხადა. მისივე თქმით, იგი ამისთვის 2017 წელსაც მზად იყო, თუმცა, თანამშრომლობის ნაცვლად, ოპოზიციამ პოლიტიკური შოუების მოწყობა დაიწყო.

„2017 წელს, თუ გახსოვთ, გავაკეთე განცხადება, რომ მზად ვიყავი თანამშრომლობისთვის და მართლა დავიწყე თანამშრომლობა. მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომებს ესწრებოდნენ ოპოზიციური გუნდის წარმომადგენლები, თუმცა, პოლიტიკურმა ფიგურებმა, კონკრეტულად, ლევან ხაბეიშვილმა დაიწყო თავისი პოლიტიკური შოუების მოწყობა. ჩვენ არ გვქონდა ამის დრო. ჩვენ შეკრებილები ვიყავით საქმისთვის, კონკრეტული გადაწყვეტილებებისთვის და მაშინვე გაწყდა ეს ურთიერთობა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, თანამშრომლობისთვის მზად არიან მისი თანაგუნდელებიც.

„მზად ვარ თანამშრომლობისთვის ყველა პოლიტიკურ პარტიასთან, რომელიც საკრებულოშია წარმოდგენილი, ასევე, მზად არიან ჩემი თანაგუნდელები, იმისთვის, რომ ბევრი საქმე გავაკეთოთ ერთად. ეს ხომ არ არის მარტო ჩემი გასაკეთებელი. მათაც აქვთ მხარდაჭერა საზოგადოების მხრიდან, ჩაერთონ. იქნება მაქსიმალური თანამშრომლობა“, – აღნიშნა კახა კალაძემ.