საბავშვო ბაღების ავტორიზაციის პროცესი, შესაძლოა, 2030 წლამდე გადავადდეს. ამასთან, ბაღების ავტორიცაზიას ადგილობრივი თვითმმართველობების ნაცვლად, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი უზრუნველყოფს.
ამასთან დაკავშირებით “ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტი პარლამენტში უკვე ინიცირებულია – პროექტით განსახორციელებელი ქმედებები მოიცავს გარდამავალ პერიოდს – 2022 წლიდან 2030 წლამდე.
საკანონმდებლო ინიციატივა უმრავლესობის დეპუტატებმა მოამზადეს. ინიციატორთა განმარტებით, მუნიციპალიტეტებისათვის აღნიშნული უფლებამოსილების განხორციელება დიდ გამოწვევასთან არის დაკავშირებული, რის გამოც დღის წესრიგში სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ავტორიზაციის პროცესის გადავადების საკითხი დადგა. ამასთან, ინიციატორთა შეფასებით, არსებულ საჯარო დაწესებულებებს შორის ხარისხის უზრუნველყოფის ყველაზე დიდი გამოცდილება სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს გააჩნია, რომელიც წლებია ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის პროცესს მართავს.
პარლამენტში წარდგენილი პროექტით, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ავტორიზაციის მიზნით, გარდამავალ პერიოდად განისაზღვრება ვადა 2030 წლის 1 იანვრამდე. ავტორიზაციას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი განახორციელებს.
თავის მხრივ, გარდამავალ პერიოდში, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარდგინებით და მთავრობის დადგენილებით, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ავტორიზაციის, აგრეთვე, დაწესებულების ავტორიზაციის შეჩერებისა და შეწყვეტის დროებითი წესი და პროცედურები დამტკიცდება.
პროექტის მიხედვით, 2022 წელს საბავშვო ბაღებისთვის საინფორმაციო სისტემის ბაზა შეიქმნება, სადაც ბაღები დარეგისტრირდებიან, ასევე, შემუშავდება ავტორიზაციის სტანდარტები.
2023 წელს დაგეგმილია ელექტრონული თვითშეფასების პლატფორმის შექმნა და საქართველოში არსებული ყველა სკოლამდელი დაწესებულება გაივლის თვითშეფასების პროცესს ავტორიზაციის ახალი სტანდარტების მიხედვით.
2024 წელს განხორციელდება თვითშეფასებიდან მიღებული საჭიროების ანალიზი და ბაღების მხარდაჭერა მათი საჭიროებების მიხედვით მოხდება.
გარდამავალ პერიოდში, ბაღების ავტორიზაციის შესახებ გადაწყვეტილებას სპეციალური საბჭო მიიღებს, რომელის წევრებს პრემიერ-მინისტრი დანიშნავს.
როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, ადრეული და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ეტაპობრივი ავტორიზაცია 2025-2030 წლებში განხორციელდება. საბავშვო ბაღებს ავტორიზაცია, მათი მზაობის მიხედვით, წლების მიხედვით, რიგითობით მოუწევთ.
“სავარაუდოდ წლის განმავლობაში ავტორიზაციას 200 ბაღი გაივლის. მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე ავტორიზაციის კალკულაცია წარმოდგენილი არ არის, შესასრულებელი სამუშაოს სპეციფიკის გათვალისწინებით, საშუალოდ ერთი დაწესებულების ავტორიზაციისთვის საჭირო თანხა შესაძლოა განისაზღვროს 9.000 ლარით, ანუ წლის განმავლობაში 1. 800.000 ლარით, რომელიც 2025 წლიდან იქნება გასაწევი“, – ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.