გარკვეული შეთანხმების შედეგად, სოფელ ზეღდულეთის მოსახლეობის ის წარმომადგენლები, რომლებიც 10 წლის წინ გასხვისებული საძოვარი ფართობების დაბრუნების მოთხოვნით, ავტობანის გადაკეტვას გეგმავდნენ, დაიშალნენ.
გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის, თამაზ შიოშვილის განცხადებით, მიწის მესაკუთრე სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებს სადაო ფართობებზე დაახლოებით 10 დღის – ორი კვირის ვადით შეაჩერებს და აღნიშნული დრო მოხმარდება გამოსავლის მოძებნას.
„ამ მიწების გასხვისების პროცესი ჯერ კიდევ 2008-ში დაიწყო. 2011 წელს კი, საბოლოოდ გაიყიდა. მაშინდელმამ ყიდველმა, შემდეგ უცხოელ ინვესტორზე გაასხვისა, ახლა კი, კიდევ მოხდა გაყიდვა და უკვე მესამე მფლობელის ხელშია. სოფელს ამ ფართობების გარდა, სხვა საძოვარი ნაკვეთები არ გააჩნია, შესაბამისად, რაც არ უნდა მოხდეს, ამ 75 ჰა-ს არ დავთმობთ“, – აცხადებენ ადგილობრივები.
გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის, თამაზ შიოშვილის განცხადებით, გამოსავალი უნდა მოიძებნოს კანონის ფარგლებში და ვერცერთ შემთხვევაში ვერ მოხდება მიწის ახალი მესაკუთრისთვის აღნიშნული სავარგულის წართმევა.
„შევძელით შეთანხმება, რომ ავტომაგისტრალის გადაკეტვა არ მოხდება. აქ შეკრებილი მოსახლეობა დაიშლება და პარალელურად, დაახლოებით 10 დღის-ორი კვირის ვადით შეჩერდება ხვნის პროცესი სადაო მიწის ნაკვეთში. ეს პერიოდი მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ დეტალური ინფორმაცია მივაწოდოთ ცენტრალურ ხელისუფლებას, რათა გამოიძებნოს ამ პრობლემის მოგვარების კანონიერი გზები. რაც შეეხება სოფლის მოსახლეობის მხრიდან აქ გაკეთებულ განცხადებებს, რომ მოხდეს სადაო ფართობის ამჟამინდელი მფლობელისთვის მიწის წართმევა, ეს, ბუნებრივია, დაუშვებელია და არანაირ განხილვას არ ექვემდებარება. პრობლემა უნდა მოგვარდეს კანონის ფარგლებში“, – განაცხადა თამაზ შიოშვილმა.
აქციის დასრულების შემდეგ სოფელ ზეღდულეთში ჩავიდა გორის მუნიციპალიტეტის მერიც. ლადო ხინჩეგაშვილის განცხადებით, უნდა მოძებნოს ისეთი გამოსავალი, რომ არ დაირღვეს მიწის მესაკუთრის უფლება და გათვალისწინებული იყოს მოსახლეობის ინტერესებიც.
მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ წინასაარჩევნოდ არავის დაპირებია მიწების დაბრუნებას და სანამ ასეთ ინფორმაციას გაავრცელებენ, ჯობია გადაამოწმონ.
“წინასაარჩევნოდ ამ კონკრეტულ მიწებზე საუბარი არ ყოფილა და ეს პრობლემა არ იყო მაშინ დაყენებული. ეს მიწები გაყიდულია 2008 წელში, თუმცა, ამის მიუხედავად, მიმდინარეობს მედიაციის პროცესი მიწის ამჟამინდელ მფლობელთან, რომელიც გახლავთ კეთილსინდისიერი შემძენი და უნდა გამოიძებნოს ისეთი გამოსავალი, რომ არ დაირღვეს მიწის მფლობელის კანონიერი უფლება და ამავდროულად, გათვალისწინებული იყოს სოფლის მოსახლეობის ინტერესებიც“, – განაცხადა ლადო ხინჩეგაშვილმა.
დღეს მოსახლეობამ გზის გადაკეტვა რამდენჯერმე სცადა. ადგილზე პოლიციაა მობილიზებული. 400-მე ადამიანმა პოლიციის კორდონი გაარღვია, სამართალდამცავებმა ერთი პირიც დააკავეს, თუმცა ის ამ დროისთვის გათავისუფლებულია.
ადგილობრივების მოთხოვნაა 100 ჰა მიწის ფართობი სოფელს დაუბრუნდეს, რომელიც რამდენიმე პირზე გასხვისდა. სოფლის მცხოვრებლები ერთი კვირაა ფაქტს აპროტესტებენ, რადგან მიწის მფლობელმა ფართობის დამუშავება გადაწყვიტა, ადგილობრივები კი საძოვრების გარეშე რჩებიან.