ზეღდულეთში, სადაო მიწის ნაკვეთზე დაპირისპირებულ მხარეებს შორის შეთანხმება ვერ მოხერხდა

367

წინა სტატია

დაპირისპირება გორის სოფელ ზეღდულეთში – მოსახლეობამ ცოტა ხნის წინ გზის გადაკეტვა რამდენჯერმე სცადა. ადგილზე პოლიციაა მობილიზებული. 400-მე ადამიანმა პოლიციის კორდონი გაარღვია, სამართალდამცავებმა ერთი პირიც დააკავეს, თუმცა ის ამ დროისთვის გათავისუფლებულია.

ადგილობრივების მოთხოვნაა 100 ჰა მიწის ფართობი სოფელს დაუბრუნდეს, რომელიც რამდენიმე პირზე გასხვისდა. სოფლის მცხოვრებლები ერთი კვირაა ფაქტს აპროტესტებენ, რადგან მიწის მფლობელმა ფართობის დამუშავება გადაწყვიტა, ადგილობრივები კი საძოვრების გარეშე რჩებიან.

ადგილზე ცოტა ხნის წინ მერის მოადგილე მივიდა და მოსახლეობას სთხოვა გზა არ გადაკეტონ.

ადგილობრივები ამბობენ, რომ წინასაარჩევნოდ “ოცნების” წევრები მათ ეუბნებოდნენ, რომ თუ მხარს დაუჭერდნენ, მიწა სოფელს დაუბრუნდებოდა.

ცნობისთვის, ოთხი დღის წინ, აღნიშნული სოფლის მოსახლეობამ მიწის მესაკუთრეს ფართობის დამუშავების საშუალება არ მისცეს და ადგილზე მიყვანილი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა უკან გააბრუნეს.

შეთანხმების მისაღწევად, სოფლის მოსახლეობა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ხუთდღიან ვადაზე შეთანხმდნენ, დღეს კი, შეთანხმებიდან მეოთხე დღეს, სოფლის მცხოვრებთა ერთმა ნაწილმა პროტესტის ნიშნად თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის გადაკეტვა გადაწყვიტა და 100-მდე ადამიანი ზეღდულეთიდან ავტობანის მიმართულებით ფეხით გაეშურა.

ადგილზე ვითარებას გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, თამაზ შიოშვილი და სოფლის წარმომადგენელი კობა ბერიანიძე გაეცნენ. ბერიანიძის თქმით, მოლაპარაკებები მიმდინარეობს, თუმცა, ჯერჯერობით. შეთანხმებას ვერ შედგა.

“ვაწარმოეთ ინვესტორებთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან მოლაპარაკება, მიწის ფართობის რაღაც ნაწილს ინვესტორი თმობდა, ოღონდ იმ პირობით, რომ გარკველ ვადაში მოსახლეობა შეისყიდიდა, თუმცა მოსახლეობა ამ პირობას არ დათანხმდა და განაგრძეს პროტესტი. საბოლოო ჯამში, შეთანხმება ჯერ მიღწეული არ არის, მიმდინარეობს მოლაპარაკებები”, – განაცხადა კობა ბერიანიძემ.

„პირველი, რა გადაწყვეტილებაც მისაღებია, არის ის, რომ ავტობანის გადაკეტვა არ უნდა მოხდეს და არ უნდა შეფერხდეს ის უამრავი ადამიანი, ვინც მაგისტრალზე გადაადგილდება. მეორე გახლავთ ის, რომ უნდა მოიძებნოს გარკვეული გამოსავალი. 2011 წელს, როდესაც “ნაციონალურმა მოძრაობამ” სოფლის კუთვნილი საძოვრები გაყიდა და თქვენ პროტესტის ნიშნად გამოხვედით, მაშინ მეც თქვენს გვერდით ვიდექი, მაგრამ ვერ შევძელით, რომ გვეჯობნა იმჟამინდელი რეჟიმისთვის. მაშინდელმა მფლობელმა აღნიშნული 75 ჰა უცხოელ ინვესტორზე გაასხვისა, რომელმაც, ამჟამად, კიდევ ერთხელ გაყიდა მიწის ეს ფართობები. ეს შემძენი არის კეთილსინდისიერი მყიდველი და ფორმა, რომელსაც თქვენ ითხოვთ, რომ მოხდეს ამ ადამიანისთვის მიწის წართმევა, არის უკანონო. აქედან გამომდინარე, მე გთავაზობთ, რომ მოვძებნოთ კანონიერი გამოსავალი“, – განუცხადა შეკრებილებს გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ თამაზ შიოშვილმა.