24 ნოემბრიდან, ქუთაისის 2022 წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტის სამუშაო ვარიანტი საჯარო განხილვაზე გადის.
პირველი შეხვედრა დღეს, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება, სადაც ადგილობრივი ხელისუფლება ბიუჯეტის პროექტს სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს გააცნობს.
პროექტის მიხედვით, მომდევნო წლის ბიუჯეტის მოცულობა 82 მილიონამდე ლარი იქნება. პრიორიტეტული სფეროები სოციალური, ჯანდაცვა და ინფრასტრუქტურაა.
ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტის სამუშაო ვარიანტი განსახილველად უკვე შევიდა საკრებულოში. პროექტი განიხილეს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიებში. დეპუტატებმა დოკუმენტთან მიმართებაში რამდენიმე შენიშვნა უკვე დაწერეს.
ქუთაისის 2022 წლის ბიუჯეტის პროექტი საკრებულოს სხდომაზე დასამტკიცებლად მას შემდეგ გავა, რაც დოკუმენტი შენიშვნებით აღმასრულებელს დაუბრუნდება.