გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეღდულეთში ადგილობრივები მიწის ფართობის გასხვისებას აპროტესტებენ. სოფლის მოსახლეობა ჯერ სოფელში შეიკრიბა, შემდეგ კი ცენტრალური მაგისტრალისკენ გადაინაცვლეს.
აქციის მონაწილეები მაგისტრალის გადაკეტვას აპირებდნენ, თუმცა ადგილზე მობილიზებულმა პოლიციამ მათ ამის საშუალება არ მისცა, რასაც ხმაური მოჰყვა.
საუბარია სოფელ ზედღულეთში არსებულ 75 ჰექტარ მიწის ფართობზე, საიდანაც 50 ჰექტარი კერძო მესაკუთრისაა, 25 ჰექტარი კი შპს „ფუდლენდის“ საკუთრებაშია.
ზეღდულეთის მოსახლეობა ამბობს, მიწა ჯერ კიდევ 2009 წელს გასხვისდა ინდოეთის მოქალაქეებზე. მათივე თქმით, აღნიშნული ფართობის ნაწილი კერძო პირმა რამდენიმე თვის წინ გამოისყიდა.
ადგილობრივები აცხადებენ, რომ ფართობის მფლობელი მოსახლეობას დასაქმებასთან ერთად, სთავაზობს სოფლის საკუთრებაში ტრაქტორის გადაცემასაც, თუმცა ამაზე არ თანხმდებიან, რადგან, როგორც მოსახლეობა განმარტავს, საძოვრის გარეშე ვერ იქნებიან და პროტესტს გააგრძელებენ.