გორის მერია: ზარდიაანთკაარში ამბულატორიის მშენებლობა არ იგეგმება

401

საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ზარდიაანთკარში სამედიცინო დაწესებულების გახსნა არ იგეგმება. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.

გორის მერიის ინფორმაციით, ამბულატორია სოფელ მერეთში ფუნქციონირებს, ამ თემის შემადგენლობაში შედის ზარდიაანთკარიც და საჭირო სერვისის მისაღებად მოქალაქეებს მეზობელ სოფელში გადასვლას სთავაზობენ. ზარდიაანთკარელების პრობლემით გორის მერიას “ქართულმა მედია ჯგუფმა” მიმართა. სარეკომენდაციო წეწრილში წერია, რომ აღნიშნულ სოფელში ძირითადად მოხუცები ცხოვრობენ და მეზობელ სოფელში გადაადგილება უჭირთ, რის გამოც ორგანიზაცია ხელისუფლებას ყურადღების გამოჩენას და შესაბამისი შუამდგომლობის გაწევას სთხოვს.

ზარდიაანთკარში არც აფთიაქია, რაც პანდემიის პირობებში მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებას უფრო ართულებს. სააფთიაქო ქსელის ინფორმაციით, მსგავს ობიექტს სოფლებში იმ შემთხვევაში ხსნიან, როდესაც მოსახლეობის რაოდენობა 10 000-ს აღწევს. ზარდიაანთკარში კი სულ რამდენიმე ათეული ოჯახი ცხოვრობს.

“სოფელ მერეთში ფუნქციონირებს ამბულატორია, რომელიც ემსახურება თემში შემავალი სოფლების და მათ შორის, სოფელ ზარდიანთკარის მოსახლეობას. დღეის მონაცემებით, თემში მეორე ამბულატორიის გახსნა არ იგეგმება. რაც შეეხება შუამდგომლობას აფთიაქის გახსნასთან დაკავშირებით, გაცნობებთ, რომ სააფთიაქო ქსელის PSP ხელმძღვანელობასთან პირადი საუბარისას გაირკვა, რომ სოფლებში, სადაც 10 000 მოსახლეზე ნაკლებია, არ იგეგმება უახლოეს მომავალში აფთიაქის გახსნა, თუმცა არ გამორიცხავენ შემდეგ წლებში მცირე აფთიაქების გახსნას გარკვეული გარემოების გათვალისწინებით”, – ნათქვამიას გორის მერიიის საპასუხო წერილში.