საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 88-ე კილომეტრზე მდებარე გორის საავტომობილო გვირაბში, 15 და 16 ნოემბერს დაგეგმილი იყო პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარება, თუმცა უამინდობის გამო, ვერ მოხერხდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, პროფილაქტიკური სამუშაოები განხორციელდება 24-25 ნოემბერს. კერძოდ, 24 ნოემბრის 23:00 საათიდან 25 ნოემბრის 02:00 საათამდე გვირაბის სენაკი-თბილისის, ხოლო 25 ნოემბრის 02:00 საათიდან 05:00 საათამდე გვირაბის თბილისი-სენაკის მიმართულებებზე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, საავტომობილო გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გორის გვირაბების შემოსავლელ საავტომობილო გზაზე.
„საავტომობილო გვირაბის თბილისი-სენაკის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულებაზე და სენაკი-თბილისის მიმართულება გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გორის გვირაბების შემოსავლელ საავტომობილო გზაზე.
აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით“ , – ნათქვამია ინფორმაციაში.