საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაცია და “ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი”, გორში, სარეაბილიტაციო ცენტრის გახსნას გეგმავს. ამასთან დაკავშირებით, ასოციაციის პრეზიდენტი, ზურაბ კახაბრიშვილი და ვიცე პრეზიდენტი, ხათუნა საგანელიძე, რომელიც “ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის” პროფესორია სპორტული მედიცინისა და რეაბილიტაციის განხრით, გორის მერს, ვლადიმერ ხინჩეგაშვილს შეხვდნენ. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.
ასოციაცია გეგმავს, რომ სარეაბილიტაციო ცენტრები დააარსოს მთელი საქართველოს მასშტაბით, რათა როგორც მაღალი მიღწევების სპორტსმენებმა, ასევე მოზარდებმა, დედაქალაქში ჩამოსვლის გარეშე, ადგილზე მიიღონ საჭირო მომსახურება.
“იცით, რომ გორი სპორტული ქალაქია. აქ ძალიან უყვართ განსაკუთრებით საჭიდაო სახეობები, ქალაქს ჰყავს საფეხბურთო გუნდები და აკადემიები. ამიტომ, მნიშვნელოვანია, ადგილზე ჰქონდეს მოსახლეობას საჭირო და მაღალხარისხიანი სერვისის მიღების საშუალება. გორიდან დავიწყეთ სწორედ ამ კრიტერიუმების გათვალისწინებით. ადგილზე გარკვეული სამუშაოები უკვე ჩავატარეთ, რაც საშუალებას მოგვცემს, უკვე ახლო მომავალში სარეაბილიტაციო ცენტრი სრული დატვირთვით ავამუშაოთ”, – აღნიშნა ხათუნა საგანელიძემ.
ცენტრი, რომლის გორში გახსნაც უახლოეს მომავალში იგეგმება, შეამოწმებს სპორტსმენებს, პატარა ასაკიდანვე, რაც საშუალებას მისცემს სპეციალისტებს ზუსტად განსაზღვრონ, ვის როგორი ჯანმრთელობის მდგომარეობა აქვს და ვისთვის იქნება უკეთესი იჭიდაოს, ან ფეხბურთი ითამაშოს და ა.შ.
“ფეხბურთელი, რომელიც მიიღებს ტრავმას, არ მოუწევს რეაბილიტაციაზე სიარული თბილისში და ცენტრი შესთავაზებს სრულ მომსახურებას ადგილზე. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაცია, “ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტთან” ერთად ამ პროექტის განხორციელებას საქართველოს მასშტაბით გეგმავს”, – განაცხადა ზურაბ კახაბრიშვილმა.
აღნიშნული გეგმის განხილვის მიზნით გამართულ შეხვედრას, გორის მერთან ერთად, ა(ა)იპ სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოს ხელმძღვანელი, გიორგი პურიჭამიაშვილიც დაესწრო.