იმნაძე: კორონავირუსი ისეთი ვერაგი დაავადებაა, ყველა აუცრელს საფრთხეს შეუქმნის

299

კორონავირუსი ისეთი ვერაგი დაავადებაა, ყველა აუცრელს საფრთხეს შეუქმნის ,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძემ განაცხადა.

ის ახალქალაქში ვაქცინაციის პროცესს გაეცნო და განმარტა, რომ კორონავირუსის გავრცელება უკვე ჩუტყვავილას გაუსწორდა.

“სამწუხაროდ, სანამ ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობა არ აიცრება, კორონავირუსი ისეთი ვერაგი დაავადებაა, ყველა აუცრელს საფრთხეს შეუქმნის. მისი გავრცელება უკვე ჩუტყვავილას გაუსწორდა და ამიტომ, მაქსიმალურად მეტი ჩვენი თანამოქალაქე უნდა აიცრას, რადგან ამ პატარა ქვეყანაში, ყოველდღიურად არ ვკარგავდეთ ამდენ ადამიანს”, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, ვაქცინაციის წამახალისებელი პროგრამა “ავიცრათ ერთმანეთისთვის” ფარგლებში, ახალქალაქსა და სამტრედიაში ღონისძიებები გაიმართა, სადაც სტუმრებს Covid-19-ის საწინააღმდეგო იმუნიზაციის პროცესში ჩართვის შესაძლებლობა მიეცათ. მათი განმარტებით, მსურველებს აცრა “ფაიზერის”, “სინოფარმის” და “სინოვაკის” ვაქცინით შეეძლოთ.

პრესსამსახურის ინფორმაციით, ღონისძიების მიმდინარეობისას ვაქცინირებული მოქალაქეები სხვადასხვა ვაუჩერით დასაჩუქრდნენ და უფასოდ ისარგებლეს იუსტიციის სახლის მობილური ჯგუფების მომსახურებით. ახალქალაქში ვაქცინაციის პროცესს ადგილზე გაეცნო ასევე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ხათუნა ზახაშვილი. „53 ათას ადამიანზე მეტი არის დღეს საქართველოში კოვიდით დაავადებული. რომ წარმოვიდგინოთ, ალბათ, საკმაოდ მოზრდილი მუნიციპალიტეტის მოსახლეობა არის დღეს ავად. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან დიდ გავლენას ახდენს ჯანდაცვის სისტემაზე და საზოგადოებაზე. ახლა, გადარჩენის გზა სწორედ აცრებზე გადის”, – თქვა ხათუნა ზახაშვილმა.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ვაქცინაციის წამახალისებელ ღონისძიებაზე, დაინტერესებულმა პირებმა ადგილზე გაიარეს კონსულტაციები სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან და დეტალური ინფორმაცია მიიღეს ვაქცინებისა და იმუნიზაციის პროცესის შესახებ.

ღონისძიებებს ასევე ესწრებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. ახალქალაქში სტუმრებს სიტყვით მიმართა და ვაქცინაციისკენ მოუწოდა მუნიციპალიტეტის მერმა, მელქონ მაქარიანმა. სამტრედიაში კი საზოგადოებას მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ბახტაძემ, NCDC-ს საზოადოებრივი ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამების დეპარტამენტის უფროსმა, კოტე გვეტაძემ და ეპიდემიოლოგმა, დალი ქობულაძემ მიმართეს. ორივე ლოკაციაზე, ასევე, იმყოფებოდნენ საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები, რომლებმაც ვაქცინაციის აუცილებლობაზე ისაუბრეს.

ორივე ქალაქში გამართულ ღონისძიებებზე ბავშვების განწყობაზე ანიმატორებმა და ზღაპრის გმირებმა იზრუნეს, მოეწყო სხვადასხვა გასართობი შოუ.

მუნიციპალიტეტებში ღონისძიებები კოვიდრეგულაციების დაცვით გაიმართა. კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის წამახალისებელი აქტივობები უკვე ჩატარდა გურჯაანსა და მარნეულში.