ელენე ხოშტარიამ შიმშილობა შეწყვიტა

546

პარლამენტის მოშიმშილე წევრმა, „დროას“ ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ შიმშილობა შეწყვიტა. მისი განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის თვალსაზრისით გორის ჰოსპიტალში უსაფრთხოდ გადაყვანა ამ ვითარებაში არის გამოსავალი.

„ჩემი ამ რადიკალური ზომის – შიმშილობის ყველა ეტაპზე ჩემი პოზიცია იყო აბსოლუტურად გამჭვირვალე. ჩემი მოთხოვნა არის სააკაშვილის სიცოცხლის, ჯანმრთელობის და ღირსების უზრუნველყოფა. სამწუხაროდ, გუშინ მის სიცოცხლეს მიადგა დიდი რისკი. მე შიმშილობის დაწყებამდე მქონდა კონსულტაციები თუ რა გამოსავალი შეიძლება ყოფილიყო ამ ვითარებიდან. გორის ჰოსპიტალში უსაფრთხოდ გადაყვანა ამ ვითარებაში არის გამოსავალი მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის თვალსაზრისით. ამიტომ ეს არის ჩემი შიმშილობის შეწყვეტის საფუძველი. მიმაჩნია, რომ უნდა ვიყოთ თანმიმდევრულები და ფრთხილები, როდესაც სასწორზე ადამიანის სიცოცხლე დევს. ის უნდა იყოს გადაყვანილი ადვოკატთან ერთად და ეს უნდა იყოს გამჭვირვალე პროცესი. ამიტომ გორში გადაყვანა როგორც გადაწყვეტილება, ეს არის გამოსავალი. ველოდები და გავაგრძელებ ბრძოლას, რომ სააკაშვილის იყოს გორში უსაფრთხოდ. ვიმედოვნებ, რომ ხელოვნური ბარიერები აღარ შეაფერხებს ამ პროცესს. ველოდები ექიმს და მივყვები მის რეკომენდაციებს“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

ცნობისთვის, ელენე ხოშტარია პარლამენტის შენობაში მე-17 დღეა შიმშილობს.

შეგახსენებთ, რომ იუსტიციის სამინისტრო მიხეილ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანას სთავაზობს. ხოლო გიგი უგულავას თქმით, იმ სამკურნალო დაწესებულებასთან, სადაც მიხეილ სააკაშვილს გადაიყვანენ, არანაირი აქცია არ გაიმართება.