პარლამენტმა დაჩქარებული წესით განხილვისთვის წარდგენილი “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში” ცვლილებები დაამტკიცა. კანონპროექტი მესამე მოსმენით 80 ხმით, 8-ის წინააღმდეგ მიიღეს.
“ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში” განხორციელებული ცვლილებებით, ერთი პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეულ საკრებულოს წევრებს ერთზე მეტი ფრაქციის შექმნის უფლება არ ექნებათ.
ამასთან, საკრებულოებში თანამდებობის პირთა რაოდენობა იზრდება. კერძოდ, საკრებულოს თავმჯდომარეს სამი მოადგილე, მათ შორის პირველი მოადგილე ეყოლება. (ჯერ კიდევ მოქმედი კანონით, საკრებულოს თავმჯდომარეს ერთი მოადგილე ჰყავს. იმ მუნიციპალიტეტში კი, სადაც 100 000 ამომრჩეველზე მეტი ცხოვრობს, შესაძლოა ორი მოადგილე ჰყავდეს. თბილისის საკრებულოში თავმჯდომარეს შეიძლება ჰყავდეს პირველი მოადგილე და მოადგილეები. რაოდენობა დაკონკრეტებული არ არის).
ამავე ცვლილებებით, საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე, რომელსაც ამჟამად ერთი მოადგილე ჰყავს, უფლებამოსილი იქნება ფრაქციის ყოველ სამ წევრზე დამატებით ერთი მოადგილე ჰყავდეს, თუმცა არა უმეტეს შვიდი მოადგილისა (პროექტის თავდაპირველ ვარიანტში წარმოდგენილი იყო ფრაქციის ყოველ ხუთ წევრზე დამატებით ერთი მოადგილის ყოლა). “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მოქმედი რედაქციით, ფრაქციის თავმჯდომარეს ერთი მოადგილე ჰყავს და თუ ფრაქციაში ცხრა წევრზე მეტია გაწევრებული, შესაძლებელია ჰყავდეს დამატებით ერთი მოადგილე. თბილისის საკრებულოში, ფრაქციის თავმჯდომარეს ერთი მოადგილე ჰყავს, ხოლო ფრაქციის ყოველ ცხრა წევრზე უფლებამოსილია ჰყავდეს დამატებით ერთი მოადგილე. თბილისის საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარეს შეუძლია ჰყავდეს არაუმეტეს სამი მოადგილისა.