გორის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ ტრანსპორტის სააგენტო 2022 წლისთვის დაფინანსების სახით, 3 მლნ 600 ათას ლარს მიიღებს. ადმინისტრიაციის ინფორმაციით, მგზავრთა ფიქისირებული გადასახადიდან მიღებული შემოსავალი ვერ უზრუნველყოფს საჭირო ხარჯების დაფარვას, რის გამოც მუნიციპალური ა(ა)იპ – ის შენახვა მომავალ წელსაც ადგილობრივ ბიუჯეტს მოუწევს. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
მგზავრობის გადასახადის ცვლილებას სააგენტო 2022 წლისთვის არ გეგმავს, თუმცა განმარტავს, რომ არსებული შემოსავლები ორგანიზაციის შეუფერხებლად მუშაობისთვის არასაკმარისია.
“დაწესებულია მგზავრობის ფიქსირებული გადასახადი, რომლის ცვლილებას სააგენტო არ გეგმავს. არსებული ფინანსური გაანგარიშებით, სააგენტოს შემოსავლები არ არის საკმარისი მისი შეუფერხებელი მუშაობისათვის. საწვავისა და სათადარიგო ნაწილების ფასის მზარდი ტენდენციიდან გამომდინარე, შემოსავლები ხარჯებთან მიმართებაში უარყოფითია. ვიმედოვნებთ მგზავრობის ღირებულებით მიღებული შემოსავლებით და საბიუჯეტო სუბსიდირებით მოიხსნება არსებული პრობლემა”, -აცხადებენ ტრანსპორტის სააგენტოში.
ინფორმაციისთვის, გორის მუნიციპალიტეტის ავტოტრანსპორტი მიმდინარე ეტაპზე უზრუნველყოფს მგზავრთა რეგულარულ გადაყვანას ქალაქის სხვადასხვა ადგილას და სამი სოფლის – ტინისხიდის, ორთაშენის და ბერბუკის მიმართულებით. წლის განმავლობაში სააგენტო დაახლოებით 960 000 მგზავრის გადაყვანის უზრუნველყოფას გეგმავს. შესაბამისად თვის
განმავლობაში სააგენტოს მიერ მოსახლეობისადმი გაწეული მომსახურება საშუალოდ 110 000 მგზავრთბრუნვას შეადგენს.
2021 წელს ტრანსპორტის სააგენტომ ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსების სახით, 1 მლნ 600 ათას ლარი მიიღო.