იაპონიის ელჩმა რაჭაში საელჩოს მიერ დაფინანსებული 2 პროექტი გახსნა

346

იაპონიის ელჩი საქართველოში იმამურა აკირა ონისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტებს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში ელჩმა რეგიონში ორი წარმატებით განხორციელებული პროექტი გახსნა, რომლებიც იაპონიის საელჩოს ადამიანის უსაფრთხოების პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა.

იაპონიის საელჩოს მხარდაჭერით, ონის მუნიციპალიტეტმა შეიძინა მძიმე ტექნიკა ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირებისა და ეფექტური რეაგირებისათვის, ხოლო ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ფონდ „აფხაზინტერკონტს“ გადაეცა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა და აღჭურვილობა, რომელიც ადგილობრივი ფერმერების ეკონომიკურ გაძლიერებას ისახავს მიზნად. პროექტების ბიუჯეტმა ჯამში 90,000 ამერიკულ დოლარზე მეტი შეადგინა.

შეხვედრების დროს, იაპონიის ელჩმა ხაზი გაუსვა საქართველოს მაღალმთიანი რეგიონების მდგრადი განვითარების მხარდაჭერის აუცილებლობას და იაპონიის მთავრობის სახელით, კიდევ ერთხელ, გამოთქვა მზადყოფნა სამომავლო თანამშრომლობისთვის.

საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების დღიდან, ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო პროგრამის ფარგლებში, იაპონიის მთავრობამ დააფინანსა 200 პროექტი, რამაც შეადგინა 20 მილიონ აშშ დოლარზე მეტი (გარდა სხვა პროგრამებით დაფინანსებული პროექტებისა). საგრანტო პროგრამის მიზანია, საქართველოში ადამიანის უსაფრთხოების ხელშეწყობა შემდეგი პრიორიტეტული მიმართულებებით: გარემოს დაცვა, სოფლის მეურნეობა, ინფრასტრუქტურა, ჯანდაცვა და განათლება.