როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ კოვიდ-პასპორტის განახლებაზე, ეს ეხება ქაღალდზე გაცემულ ცნობებს, – ამის შესახებ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ოპერაციული შტაბის უფროსმა განაცხადა.
გიორგი ღიბრაძის თქმით, აპლიკაციაში ამის აუცილებლობა არ არის და მას ავტომატურად განახლებული QR კოდი ექნება.
„ჩვენ 16 ნოემბრიდან მივურთდით ერთიან სისტემას, შესაბამისად, იქედან მივიღეთ ციფრული სერტიფიკატი, რომელიც ჩაშენებულია დღეიდან გაცემულ QR კოდებში. ცხადია, უკვე დაბეჭდილ QR კოდში ამის ჩამატება ვერ მოხდებოდა და ამით არის გამოწვეული ის აუცილებლობა, რომ ვინც 17 ნოემბრამდე აიღო კოვიდ-ბარათი, მან ეს კოვიდ-ბარათი უნდა განაახლოს. მას ახალი QR კოდი მიეცემა ბარათზე, რომელშიც უკვე ჩაშენებული იქნება ევროპული კოვიდ-სერტიფიკატი. აპლიკაციაში ამის აუცილებლობა არ არის. შესაბამისად, ადამიანს, რომელიც ისარგებლებს ამ აპლიკაციით, ავტომატურად განახლებული QR კოდი ექნება“, – განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.