პარლამენტმა მხარი დაუჭირა ცვლილებებს, რომლის საფუძველზეც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დისკრიმინაციული ნიშნით დაზიანებისა და განადგურების განსაზღვრა ხდება

240

პარლამენტმა მესამე მოსმენით, ერთხმად, მხარი დაუჭირა “კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ კანონში ცვლილებებს, რომლის საფუძველზეც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დისკრიმინაციული ნიშნით დაზიანებისა და განადგურების განსაზღვრა ხდება.

საკანონმდებლო ინიციატივა აფხაზეთის უმაღლესმა საბჭომ წარადგინა, რომელიც 76 ხმით დაამტკიცეს.

როგორც აფხაზეთის უმაღლესი საბჭო განმარტავს, მოქმედ კანონში არაფერია ნათქვამი ძეგლების დისრკიმინაციული ნიშნით დაზიანებასა და განადგურებაზე, მაშინ, როდესაც დისკრიმინაციული ნიშნით კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ხელყოფა, განსაკუთრებით კი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, სისტემატურ და მასობრივ ხასიათს ატარებს. აქედან გამომდინარე, აფხაზეთის უმაღლეს საბჭოს კანონში დისკრიმინაციული ნიშნით ძეგლის დაზიანებისა და განადგურების ცნებების შემოღება აუცილებლად მიაჩნია.

აფხაზეთის უმაღლესი საბჭო ამ კონტექსტში საერთაშორისო სამართლებრივ გამოცდილებაზე მიუთითებს.

“კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების განზრახ დისკრიმინაციული ხელყოფისა და განადგურების აკრძალვა საერთაშორისო ჩვეულებითი სამართლით დაცულ სიკეთეს წარმოადგენს და გვევლინება ნორმად, რომელსაც მხარს უჭერს opinion juris, მაშასადამე სამართლებრივად მავალდებულებელი ჩვეულება. ამ ჩვეულებითი ნორმებიდან გამომდინარეობს პრინციპი, რომლის მიხედვით, კულტურული მემკვიდრეობა საერთაშორისო საზოგადოების საერთო ინტერესის ნაწილს წარმოადგენს.

ძეგლის დისკრიმინაციული ხელყოფა და განადგურება, როგორც დანაშაული, არაერთხელ იქნა დაგმობილი ყოფილი იუგოსლავიისთვის შექმნილი საერთაშორისო ტრიბუნალის მიერ ტადიჩის, დერონჟიჩის, კორდიჩის, სტრუგარის, მილუტინოვიჩის, ბლაშკიჩის, ჯოკიჩისა და სხვათა საქმეებში”, – ვკითხულობთ კანონპროექტის განმარტებით ბარათში.