თერჯოლის მუნიციპალიტეტში სოციალურად შეჭირვებულ 5 ოჯახს საცხოვრებელი სახლი გადაეცა

351

თერჯოლის მუნიციპალიტეტში სოციალურად შეჭირვებულ ხუთ ოჯახს საცხოვრებელი სახლი გადაეცა. ინფორმაციას თერჯოლის მერია ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის მერმა ლაშა გოგიაშვილმა, მოადგილეებთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად თერჯოლაში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ოჯახებს ახალმოსახლეობა მიულოცა, დამატებით საჭიროებებზე ესაუბრა და სამომავლოდ გვერდით დგომას დაპირდა.

,, სოციალური უზრუნველყოფა ჩვენი უმთავრესი ამოცანაა და ამ მიმართულებით თერჯოლაში არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა.მძიმე საყოფაცხოვრებო პირობების მქონე ოჯახები ახალ სახლებში გააგრძელებენ ცხოვრებას, მათ ჩვენი თანადგომა ყველაზე მეტად სჭირდებოდათ და მზად ვართ მომავალშიც აქტიურად ვითანამშრომლოთ.

,,სახლდაზიანების“ პროგრამის ეფექტურად მუშაობისთვის, ჩვენი ინიციატივით დაფინანსება გავზარდეთ, რომლის ფარგლებშიც გასულ წელს სამი სახლი, ხოლო მიმდინარე წელს 5 საცხოვრებელი სახლი აშენდა. ეს უმნიშვნელოვანესი პროგრამაა და შემდეგშიც აუცილებლად გაგრძელდება, რათა ბევრმა ოჯახმა იგრძნოს ის სიკეთეები, რომელსაც ჩვენი გუნდი ახორციელებს“,- განაცხადა ლაშა გოგიაშვილმა.

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის მოქმედი ,,სახლდაზიანების“ პროგრამა ითვალისწინებს სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის მცირე ფართიანი ინდივიდუალური სახლების მშენებლობას ან/და შეძენას, რომელთა საცხოვრებელი სახლები დაზიანების მასშტაბის გამო ექვემდებარება დემონტაჟს.

მძიმე საყოფაცხოვრებო პირობების მქონე პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხი შესაბამისმა კომისიამ შეისწავლა და გადაწყვეტილება დეტალური განხილვის შედეგად მიიღო.

სამშენებლო სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, ტენდერში გამარჯვებული კომპანიის შპს ,,გზები2“-ის მიერ განხორციელდა.