პარლამენტი დღევანდელ პლენარულ სხდომაზე, დაჩქარებული წესით, ცვლილებებს განიხილავს, რომლის საფუძველზეც საკრებულოებში ფრაქციის შექმნის წესი იცვლება

359

პარლამენტი დღევანდელ პლენარულ სხდომაზე, დაჩქარებული წესით, “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ ცვლილებებს განიხილავს, რომლის საფუძველზეც საკრებულოებში ფრაქციის შექმნის წესი იცვლება.

ორგანულ კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით გადის.

პროექტის გათვალისწინებით, საკრებულოებში ერთი პარტიული სიით გასული დეპუტატები მხოლოდ ერთი ფრაქციის შექმნას შეძლებენ. რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის სოზარ სუბარის განცხადებით, აღნიშნული მიდგომა პარლამენტში ფრაქციის შექმნის წესის ანალოგია და ცვლილებებით იგივე მოცემულობა საკრებულოებზეც გავრცელდება.

პროექტით ასევე იცვლება ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეთა რაოდენობა, რომლის მიხედვით, ფრაქციის თავმჯდომარეს საშუალება ექნება ფრაქციის ყოველი მეხუთე წევრის არსებობის შემთხვევაში დამატებითი მოადგილე ჰყავდეს. რაც შეეხება სამკაციან ფრაქციას, ამ შემთხვევაში ფრაქციის თავმჯდომარეს მხოლოდ ერთი მოადგილე ეყოლება.

იცვლება საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეების არჩევის პრინციპიც – პროექტით, მუნიციპალიტეტების საკრებულოების თავმჯდომარეს სამი მოადგილე, მათ შორის პირველი მოადგილე ეყოლება.