სკოლებში სამედიცინო კაბინეტები მოეწყობა

276

„ზოგადი განათლების შესახებ კანონში” ცვლილება, რომელიც ყველა საჯარო და კერძო სკოლას სამედიცინო პუნქტის ქონას ავალდებულებს, პარლამენტმა 2021 წლის მარტში დაამტკიცა.

12 ნოემბერს გამართულ პარლამენტის კომიტეტის სხდომაზე კი, სადაც ფინანსთა მინისტრის მოადგილეს უსმენდნენ, პროგრამის შესრულების ვადებზე დააყენა საკითხი მიღებული პროექტის ინიციატორმა ლადო კახაძემ. დეპუტატი ამბობს, რომ სკოლებში სამედიცინო სივრცეები მოწყობა კოვიდისა და პოსტკოვიდურ პერიოდში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუმცა, როგორც ჩანს, ამბულატორიების ყველა სკოლაში მოწყობას ორ წელზე მეტი დასჭირდება.

„სკოლის ექიმის პროგრამა როგორ არის მოაზრებული? მე ვიცი, რომ პირველ წელიწადს, 1000 ბავშვზე ნაკლები სადაც არის, იქ უნდა მოხდეს ექიმის დანიშვნა თავისი ხელფასით და პასუხისმგებლობებით და მეორეა სამედიცინო სივრცე – კაბინეტები და აღჭურვილობა. ექიმის სკოლაში დაბრუნება ძალიან მნიშვნელოვანია, სწორად არის ორიენტირებული. დიდი პასუხისმგებობაა მშობლების მიერ ექიმებზე გადაბარებული ბავშვები, განსაკუთრებით კოვიდისა და პოსტკოვიდურ პერიოდში. არამარტო მოწაფეები, არამედ მასწავლებლები და აშ. როგორ არის მოაზრებული და რა პერსპექტივა უჩანს“, – იკითხა ვლადიმერ კახაძემ კომიტეტის სხდომაზე.

ფინანსთა მინისტრის მოადგილე, გიორგი კაკაურიძის განცხადებით, სკოლებში ექიმის კაბინეტის დაბრუნება, პირველ რიგში, მრავალკონტინგენტიანი სკოლების ფარგლებში იგეგმება. რაც შეეხება მცირეკონტინგენტიან სკოლებს, იქ შესაძლებელია სოფლის ამბულატორიების გამოყენებაც. სკოლებში სამედიცინო სივრცეების მოწყობაზე მხოლოდ განათლებისა და მეცნიერებისა სამინისტროს რესურსის გამოყენება მოხდება და არა – ჯანდაცვის სამინისტროსი.

„არასწორი იქნება, რომ ვთქვა, სრულად დავფარავთ ყველაფერს, იმიტომ, რომ, თუ გახსოვთ, კანონის მიღების დროსაც ვამბობდით, შეუძლებელი იქნება ერთ და ორ წელიწადში სრულად დაფარვა. მივყვებით და სკოლების რეაბილიტაციასთან ერთად მოხდება ამ სამედიცინო კაბინეტების მოწყობაც. ქალაქებში, დიდ სკოლებში, რა თქმა უნდა, ყველგან აუცილებელია ასეთი სივრცეების მოწყობა. თუმცა, გვაქვს მცირე კონტინგენტიანი სკოლები. ასეთი სკოლები არის უშუალოდ ამბულატორიების გვერდით და ასეთ სკოლებში, სოფლებში დამატებით ექთნის და ექიმის გაშვება ძალიან რთულია ხოლმე. შესაძლებელია, სადაც ამბულატორია არსებობს, გამოვიყენოთ ის ექიმი, რომელიც იქ არის. ყველა დიდ სკოლაში შევალთ, თუმცა გამორიცხულია, 2022 წელს ყველა სკოლაში შესვლა მოვახერხოთ. 90%-ზე მეტზე უნდა ავიდეთ 2022-ში თუ არა, 2023 წელს მაინც“, – ამბობს გიორგი კაკაურიძე.

მისივე განმარტებით, სკოლებში სამედიცინო კაბინეტების მოწყობისა და ექიმთა დასაქმების ხარჯებს მხოლოდ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო გაიღებს და ამისთვის ჯანდაცვის სამინისტროს რესურსი არ დაიხარჯება.