TI: 2020 წელს სატელევიზიო რეკლამაში ყველაზე მეტი თანხა – 5.1 მლნ ლარი „ქართულმა ოცნებამ“ დახარჯა, „ნაცმოძრაობამ“ კი 3.1 მლნ ლარი

511

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ სარეკლამო ბაზარზე 2020 წელს არსებული მდგომარეობა და ძირითადი ტენდენციები შეისწავლა, რომელსაც Droa.ge უცვლელად გთავაზობთ.

“„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ სარეკლამო ბაზარზე 2020 წელს არსებული მდგომარეობა და ძირითადი ტენდენციები შეისწავლა. კვლევაში მიმოხილულია, თუ როგორ აისახა „კოვიდ 19-ის“ გავრცელების შეკავების მიზნით დაწესებული შეზღუდვები და საპარლამენტო არჩევნების დროს პოლიტიკური პარტიების მიერ რეკლამისთვის დახარჯული თანხები სარეკლამო ბაზარზე.

ყოველწლიურ ანგარიშში შემდეგი მიგნებები გამოიკვეთა:

  • 2020 წელს, 2019 წელთან შედარებით, სატელევიზიო სარეკლამო ბაზარი 7.7 მლნ ლარით (11%) გაიზარდა და 75.2 მლნ ლარი შეადგინა. ზრდა ძირითადად საპარლამენტო არჩევნების დროს პოლიტიკური პარტიების მიერ სატელევიზიო რეკლამაში დახარჯულმა თანხამ გამოიწვია;
  • საარჩევნოდ პოლიტიკურ რეკლამაში გაწეული ხარჯების გარეშე, სატელევიზიო სარეკლამო ბაზრის მოცულობამ 60.7 მლნ ლარი შეადგინა;
  • პოლიტიკური სატელევიზიო რეკლამისთვის 2020 წელს უპრეცენდენტოდ მაღალი თანხა,14.5 მლნ ლარი დაიხარჯა. სატელევიზიო რეკლამაში ყველაზე მეტი თანხა  – 5.1 მლნ ლარი – „ქართულმა ოცნებამ“ დახარჯა, მას მოსდევს „ნაციონალური მოძრაობა“ 3.1 მლნ ლარით, „ლელო საქართველოსთვის“ – 2.4 მლნ ლარით, „გიორგი ვაშაძე-სტრატეგია აღმაშენებელი“ – 1.1 მლნ ლარით, „ევროპული საქართველო“ – 1.1 მლნ ლარით და „პატრიოტთა ალიანსი“ – 1 მლნ ლარით;
  • მმართველმა პარტიამ ფასიანი პოლიტიკური რეკლამა რეიტინგულ ოპოზიციურ ტელევიზიაში „მთავარ არხზე“ საერთოდ არ განათავსა და რეკლამის უმეტესობა (54%) სახელისუფლებო ტელეკომპანია „იმედის“ ჰოლდინგში მიიტანა. თავის მხრივ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ რეკლამის ძირითადი ნაწილი (88%) „მთავარ არხზე“ განათავსა და ფასიანი რეკლამა ტელეკომპანია „იმედს“ საერთოდ არ დაუკვეთა;
  • ყველაზე მეტი სარეკლამო შემოსავალი 2020 წელს ტელეკომპანია „იმედმა“ მიიღო – 29 მლნ ლარი, მას მოსდევს „რუსთავი 2“ – 12.8 მლნ ლარით, „მთავარი არხი“ – 11.1 მლნ ლარით და ტელეკომპანია „პირველი“ – 6.2 მლნ ლარით;
  • ყველაზე დიდი სარეკლამო კლება ბოლო წლების განმავლობაში ტელეკომპანია „რუსთავი 2-ს“ აქვს. ის 2018 წელს 30.4 მლნ ლარით სარეკლამო შემოსავალით პირველი კომპანია იყო ბაზარზე, 2020 წელს კი რეკლამიდან მხოლოდ 12.8 მლნ ლარი (58%-ით ნაკლები) მიიღო. შემოსავლების კლება ტელევიზიაში ახალი მფლობელისა და მენეჯმენტის მისვლის პერიოდიდან იწყება;
  • 2020 წელს კერძო ტელევიზიების ჯამურმა შემოსავალმა 138.5 მლნ ლარი შეადგინა, რაც 2019 წელთან შედარებით 45.5 მლნ ლარით (49%) მეტია. ეს ძირითადად გამოწვეულია, როგორც ზოგადად სარეკლამო ბაზრის გაზრდით, ასევე „მფლობელის შემოწირულობისა“ და „სხვა არასამაუწყებლო“ შემოსავლების კომპონენტის მნიშვნელოვანი ზრდით;
  • კორონავირუსის პანდემიამ ყველაზე დიდი დარტყმა რადიოებს მიაყენა. მათ სარეკლამო შემოსავლები,  2019 წელთან შედარებით, 2 მლნ ლარით (23%) შეუმცირდათ და 2020 წელს 6.8 მლნ ლარი შეადგინა, ხოლო ჯამური შემოსავალი 1.9 მლნ ლარით (20%), 7.6 მლნ ლარამდე შემცირდა. რადიოებს შორის ყველაზე შემოსავლიანი (3.8 მლნ   ლარი) ჰოლდინგი „ფორტუნა“ იყო.