ზელენსკიმ ღარიბაშვილთან სატელეფონო საუბრისას სააკაშვილის საკითხი განიხილა

280

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიხეილ სააკაშვილის საკითხი საქართველოს პრემიერმინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან სატელეფონო საუბრისას განიხილა.

“უკრაინა ყოველთვის დაიცავს თავისი მოქალაქეების უფლებებსა და ინტერესებს”, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

სახელმწიფოს მეთაურმა უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის უფლებების უზრუნველყოფის საკითხი დასვა და ხაზი გაუსვა, რომ ისინი სრულად უნდა იყოს გარანტირებული საერთაშორისო სამართლის შესაბამისად.

“პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა უკრაინის მოქალაქის მიმართ არაპროპორციული იძულებითი ზომების დაუშვებლობას.

ვლადიმერ ზელენსკიმ ხაზი გაუსვა მიხეილ სააკაშვილს დედასა და ნათესავებს ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის აუცილებლობაზე.

უკრაინის მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, პრეზიდენტმა ასევე სთხოვა მიხეილ სააკაშვილთან უკრაინელი ექიმების მიღების განხილვა”, – ნათქვამია ოფისის განცხადებაში.

უკრაინის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამაც.

ღარიბაშვილის თქმით, უკრაინის მოქალაქე სააკაშვილს საშუალება ეძლევა, რომ იგი მოინახულონ როგორც მისმა ადვოკატებმა, ოჯახის წევრებმა, ასევე საქართველოს პარლამენტის დეპუტატებმა და შესახლების დღიდან მას ასზე მეტი ვიზიტორი ჰყავდა.

როგორც ადმინისტრაციაში აცხადებენ, პრეზიდენტი ზელენსკი საუბარში შეეხო პატიმარი სააკაშვილის ციხის ჰოსპიტალში გადაყვანის საკითხს, რაზეც  ღარიბაშვილმა უკრაინის პრეზიდენტს განუცხადა, რომ მე-18 დაწესებულებაში გადაყვანის შემდეგ სააკაშვილმა წინააღმდეგობა გაუწია და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დაწესებულების თანამშრომლებს და ექიმებს. შესაბამისად, პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციის მხრიდან განხორციელდა “კანონით განსაზღვრული ქმედებები”.

“სატელეფონო საუბრისას საქართველოს მთავრობის მეთაურმა მიხეილ სააკაშვილის უკანონო ქმედებები შეაფასა როგორც პროვოკაციული, დესტრუქციული და ქვეყნის სტაბილურობისთვის საფრთხის შემცველი და განაცხადა, რომ უკრაინის მოქალაქეების მიერ საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევა მიუღებელია. […]

ვოლოდიმერ ზელენსკიმ ითხოვა, რომ განხილული იყოს შესაძლებლობა და უკრაინელ ექიმებს მიეცეთ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების უფლება, რაზეც ირაკლი ღარიბაშვილმა განუცხადა, რომ პატიმარ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ქართველი პროფესიონალი და მაღალკვალიფიციური ექიმები ზრუნავენ”, – ნათქვამია ადმინისტრაციის განცხადებაში.

11 ნოემბერს პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა ვიდეოკადრები, რომელშიც ჩანს, რომ ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხის კლინიკაში ძალის გამოყენებით გადაჰყავთ.

ვიდეომასალის მიხედვით, რამდენიმე ადამიანი პალატაში შეყვანამდე მიხეილ სააკაშვილს მიათრევს. 8 ნოემბერს, კლინიკაში გადაყვანის შემდეგ, სააკაშვილმა თქვა, რომ მოატყუეს, თითქოს სამოქალაქო საავადმყოფოში მიჰყავდათ. როცა ტყუილის შესახებ შეიტყო, ექსპრეზიდენტმა რუსთავის ციხეში დაბრუნება მოითხოვა და კლინიკაში შესვლაზე უარი განაცხადა.

ადვოკატების განცხადებით, კადრებით მტკიცდება, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ ადგილი ჰქონდა არაადამიანურ მოპყრობას.

მიხეილ სააკაშვილი უკვე 43-ე დღეა, დაპატიმრებულია და შიმშილობს.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის საქმეს პრიორიტეტი მიანიჭა და 10 ნოემბერს გამოსცა დროებითი ზომა, რომლის მიხედვითაც, ერთი მხრივ, ექს-პრეზიდენტს მოუწოდა, შეწყვიტოს შიმშილობა, ხელისუფლებას კი მოუწოდა, უზრუნველყოს მისი უსაფრთხოება ციხეში და მისთვის სათანადო სამედიცინო მკურნალობის მიწოდება პოსტ-შიმშილობის რეაბილიტაციის პერიოდში.

11 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ დაემორჩილება ECHR-ის გადაწყვეტილებას და შეწყვეტს შიმშილობას, თუ ასევე მოიქცევა ხელისუფლებაც და მას სამოქალაქო მრავალპროფილურ კლინიკაში გადაიყვანენ, ხოლო მის ჯანმრთელობაზე ექიმების კონსოლიუმი იზრუნებს.