ტრანსპორტის სააგენტო გორში მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას გეგმავს

267

გორის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტის სააგენტო გორში მომავალი წლიდან სიახლეების განხორციელებას გეგმავს. საკითხები, რომლითაც მუნიციპალურმა ორგანიზაციამ ახალ მერს მიმმართა, ძირითადად მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას ეხება. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.

გორის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, სერვისის გაუმჯობესებაზე აქტიურად მუშაობენ.

“ქალაქში თანამედროვე ავტობუსების შემოყვანით მოქალაქეებისთვის გაჩნდა ახალი სერვისი, რომელიც ორიენტირებულია მგზავრთა უსაფრთხო და კომფორტულ მგზავრობაზე.არსებობს ახალი იდეები, დაგეგმილი გვაქვს სიახლეები, რომელთაც მერიას წარვუდგენთ და დაველოდებით მათ გადაწყვეტილებას. ამ თემაზე ახალ მერთან უკვე გვქონდა შეხვედრა. მგზავრებს ვთხოვთ, მოუფრთხილდნენ ავტობუსების ინფრასტრუქტურას და აუცილებლად აიღონ ბილეთი მგზავრობის დროს. ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია, მოგვმართოს რეკომენდაციებით და ვეცდებით, გავითვალისწინოთ, თუ ის საზოგადოების ინტერესებს ეხმიანება”, – აცხადებენ ტრანსპორტის სააგენტოში.