ჭიათურის მულტიფუნქციური ცენტრი, რამდენიმე თვეა, გაიხსნა და ახალგაზრდების დიდი დაინტერესებაც გამოიწვია. იგი იმერეთის რეგიონში ერთ-ერთი მსხვილი საგანმანათლებლო ჰაბია. მისი მიზანია, ხელი შეუწყოს ახალგაზრდების გაძლიერებას, ამასთანავე აძლევს დასაქმების მრავალფეროვან შესაძლებლობას. ამის შესახებ ჩემი ხარაგაული წერს.
ჭიათურის მულტიფუნქციურ ცენტრში სწავლა ჰიბრიდულად, ანუ როგორც ონლაინ, ისე დასწრებული ფორმატით მიმდინარეობს. ამჟამად ცენტრში სხვადასხვა პროგრამებზე 200-მდე ახალგაზრდა სწავლობს. აქ სწავლა უფასოა.
ჭიათურის მულტიფუნქციური ცენტრის ხელმძღვანელი ნატალია პატარიძე აღნიშნავს, რომ ჯერჯერობით მულტიფუნქციური ცენტრი ადგილობრივი ახალგაზრდების საჭიროებებზეა ორიენტირებული. თუმცა, გაფართოებაც იგეგმება.
„ჩვენ გვაქვს რამდენიმე პროგრამა, – ამბობს ნატალია პატარიძე, – ეკონომიკური გაძლიერების პროფილი, უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობა, პროფესიული მომზადება-გადამზადების მოკლე კურსები და სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების მიმართულებები.
ჩვენთან სწავლის დასაწყებად მთავარია სურვილი. განსაკუთრებული კრიტერიუმები არ გვაქვს. ყველას თანაბარ შესაძლებლობას ვაძლევთ. ყველა პროგრამას თავის საკონკურსო პირობები აქვს“.
ამჟამად მულტიფუნქციურ ცენტრში მიმდინარეობს გრაფიკული დიზაინის, სოციალური მედია მარკეტინგის, front and, ui/ux დიზაინის, wordpress-ის, pyton-ის, დეკორატიული მცენარეების წარმოების, მეფუტკრეობის, მეხილეობის, ტექნოლოგიური – სარეპეტიტორო სივრცისა და მედიაწიგნიერების კურსები.
„სარეპეტიტორო სივრცეში აქცენტი მოსწავლეებზე გვაქვს, დანარჩენ პროგრამებზე სრულწლოვან მოქალაქეებსაც ვაძლევთ სწავლის შესაძლებლობას.
ჩვენთან მოქმედებს რობოტიკის სკოლა, რამაც დიდი დაინტერესება გამოიწვია. ვფიქრობთ, შემდეგ სეზონზეც დავგეგმოთ აღნიშნული კურსი.
მედია მარკეტინგის კურსს უძღვება კომპანია, რომელსაც ამ კუთხით უდიდესი გამოცდილება აქვს. იგი “fasebook”-თან არის ოფიციალურად დაკონტრაქტებული.
ჩვენს მოსწავლეებს შესაძლებლობა აქვთ, ეს კურსი პროფესიონალებთან გაიარონ. ჩვენთან მოქმედებს მეფუტკრეობის კურსიც, სადაც ყველაზე უფროსი მოსწავლე 32 წლისაა, ხოლო ყველაზე უმცროსი – 15 წლის“.
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით ჭიათურის მულტიფუნქციურ ცენტრში აბიტურიენტებისთვის ტექნოლოგიური სივრცე გაიხსნა. თავდაპირველად აქ 54 ბენეფიციარი დარეგისტრირდა, თუმცა შემდეგ ისინი კონკურსის წესით შეარჩიეს.
აქ ისინი ინფორმატიკას, გაძლიერებულ მათემატიკასა და ინგლისურს ისწავლიან. მათ გრანტის მიღების საშუალებაც აქვთ. ამისთვის მთავარია, უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარება შეძლონ. ნატალია პატარიძის თქმით, კურსიდან კურსზე გრანტი მას გადაყვება, ვისაც მაღალი აკადემიური მოსწრება ექნება.
„ვფიქრობ, ეს ცენტრი ახალგაზრდებს დასაქმების კუთხით ბევრ კარგ შესაძლებლობას მისცემს. ჩვენ სპეციალურად შევარჩიეთ მაღალანაზღაურებადი პროფესიები იმისათვის, რომ ჩვენი კურსდამთავრებულები შრომით ბაზარზე წარმატებულები და კონკურენტუნარიანები იყვნენ.
ჩვენ ახლახან გამოვაცხადეთ ბიზნეს კონკურსი. ახალგაზრდებისგან ველით იდეებს. ჩვენი უახლესი გეგმა სტარტაპების გაძლიერება და დასაქმების შესაძლებლობის გაზრდაა“.
ჭიათურის მულტიფუნქციურ ცენტრში მედიაწიგნიერების კურსი მიმდინარეობს. მას ჟურნალისტი დათო ლიკლიკაძე უძღვება. კურსი ახლახან დაიწყო და ჯერ მხოლოდ ორი შეხვედრა შედგა. აქ 40 ახალგაზრდა დარეგისტრირდა და მათგან ორი ჯგუფი შეიქმნა.
დათო ლიკლიკაძე აღნიშნავს, რომ უკვე რვა წელია, მედიაწიგნიერებას ასწავლის. იგი ამ კუთხით წლების წინ “Deutsche Welle”- მ გადაამზადა მოლდოვაში და სერთიფიცირებულია.
„ჩემთვის დიდი პატივია ჭიათურის მულტიფუნქციურ ცენტრში მედიაწიგნიერების კურსს რომ ვუძღვები. ეს შემოთავაზება ძალიან გამეხარდა. ამ კურსისთვის სპეციალური მოდული შევადგინე, რომელიც ოთხ ნაწილადაა წარმოდგენილი.
პირველ ნაწილში ბავშვები თეორიას ისწავლიან. თეორიული ნაწილით რამდენიმე კითხვას გაეცემა პასუხი: რა არის მედიაწიგნიერება? 21-ე საუკუნის რა ციფრული გამოწვევაა ის? რატომ უნდა ვიყოთ მედიაწიგნიერი? სხვა ნაწილები პრაქტიკულ მხარეს დაეთმობა.
ბავშვებს სხვადასხვა სავარჯიშოებს მივცემ და ვასწავლი, თუ როგორ უნდა გაარჩიონ ყალბი ინფორმაცია სინამდვილისგან; ასევე ფოტომანიპულაციის გარჩევის უამრავ ხერხს.
ძირითად სახელმძღვანელოდ UNESCO-ს გამოცემულ უახლეს წიგნს ვიყენებ. მედიაწიგნიერების კურსზე ორი ჯგუფი გვყავს. მესამე ჯგუფიც რომ დაამატონ, ანაზღაურების გარეშეც სიამოვნებით ვიმუშავებ.
მედიაწიგნიერი და დასავლური ღირებულებებით მოაზროვნე ახალგაზრდები დიდი სიკეთეა“, – ამბობს დათო ლიკლიკაძე.
მედიაწიგნიერების კურსი სამი თვე გაგრძელდება. ამ კურსის ფარგლებში ჭიათურაში ნოემბერში, დეკემბერსა და იანვარში სამი ცნობადი და მედიაწიგნიერების კუთხით ავტორიტეტული ადამიანი ჩამოვა.
პროექტის დასრულების შემდეგ, ჭიათურის მულტიფუნქციური ცენტრი საქართველოს მასშტაბით მედიაწიგნიერების კონკურსს გაუწევს ორგანიზებას.
ჭიათურაში მულტიფუნქციური ცენტრი კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ ინიციატივით, კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში შეიქმნა. სწორედ „ჯორჯიან მანგანეზი“ უზრუნველყოფს პროექტის ფინანსურ მხარდაჭერას.
ჭიათურის მულტიფუნქციური ცენტრი ოპერირებს ზესტაფონსა და ჭიათურაში, ანუ იმ ქალაქებში, სადაც „ჯორჯიან მანგანეზი“ საქმიანობს.