გურჯაანში, რეორგანიზაციის გამო, 9 საბავშვო ბაღის მენეჯერს თანამდებობის დატოვება მოუწევს

727

2018 წლის იანვრიდან გურჯაანის საბავშვო ბაგა-ბაღებში რეორგანიზაცია დაიწყება და თითოეული ბაღი ცალ-ცალკე ა(ა)იპ-ად ჩამოყალიბდება, რის შემდეგაც მენეჯერებს დირექტორის სტატუსი მიენიჭებათ. ამის შესახებ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაწყვეტილება რამდენიმე დღის წინ მიიღეს.

საკრებულომ ბაღებში მომუშავე პერსონალისა და მენეჯერებისთვის საკვალიფიკაციო მოთხოვნები, პერსონალის ქცევისა და ეთიკის კოდექსი და შიდა და გარე მონიტორინგის შეფასების სისტემა დაამტკიცა.

ახალი რეგულაციების გამო, გურჯაანის ბაგა-ბაღების 9 მენეჯერი, დიდი ალბათობით, ხელმძღვანელ თანამდებობას დატოვებს. მიზეზი საკვალიფიკაციო მოთხოვნებია, რომლის მიხედვითაც, დირექტორებს უმაღესი აკადემიური განათლება მოეთხოვებათ.

2018 წლის იანვრიდან, თითოეული ბაღის ა(ა)იპ-ად ჩამოყალიბების შემდეგ, ცვლილებები შეეხებათ აღმზრდელებსაც.

საბავშვო ბაგა-ბაღებში რეორგანიზაცია პირველ ოქტომბერს უნდა დაწყებულიყო, თუმცა, ვადამ იანვრამდე გადაიწია.

წყარო: ტელეკომპანია “გურჯაანი”