თვითმმართველობის კომიტეტმა თბილისისა და გარდაბნის ადმინისტრაციული საზღვრის ცვლილებას მხარი დაუჭირა

334

წინა სტატია

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის წევრებმა ურთიერთმოსაზღვრე მუნიციპალიტეტების – თვითმმართველი ქალაქ თბილისისა და გარდაბნის ადმინისტრაციული საზღვრის ცვლილებასთან დაკავშირებით, მთავრობის მიერ წარმოდგენილ წინადადებას, მხარი დაუჭირა.

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, კომიტეტის სხდომაზე საკითხთან დაკავშირებით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარებისა და პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსმა, ნიკოლოზ როსებაშვილმა ისაუბრა.

მომხსენებლის ინფორმაციით, 2014 წლის 25 დეკემბერს სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და „პრიმერა გოლფ ენდ რეზიდენს ს“ შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, კომპანიამ შეიძინა გარდაბანში, სოფელ თელეთში მდებარე, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული, არასასოფლოს-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთის შეძენისას, კომპანია მიზნად ისახავდა პრემიუმ კლასის ევროპული ქალაქგარეთ დასახლების მშენებლობას და განაშენიანებას დედაქალაქის ფარგლებს გარეთ, რადგან მსგავსი პროექტის განხორციელება დედაქალაქის ფარგლებში შეუძლებელია განაშენიანების მკაცრი გეგმითა და განვითარების შეზღუდული შესაძლებლობებით. მომხსენებლის ინფორმაციით, რადგან მოგვიანებით გაირკვა, რომ მიწის ნაკვეთის ნაწილი მოქცეულია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში, რაც გარკვეული მიზეზების გამო ართულებს პროექტის წარმატებით განხორციელება, შესაბამისად დღის წესრიგში დადგა ადმინისტრაციული საზღვრების ცვლილების საკითხი.

კომიტეტის წევრებმა წარმოდგენილი ცვლილება მოიწონეს და კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე გატანას, მხარი დაუჭირეს.