ნამდვილად, ეს იყო ისტორიული არჩევნები და ისტორიული გამარჯვება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
მან ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები შეაფასა და ხალხს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.
„ნამდვილად, ეს იყო ისტორიული არჩევნები და ისტორიული გამარჯვება. რაც მთავარია, ეს იყო ჩვენი ხალხისა და ქვეყნის გამარჯვება. მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ჩვენს ხალხს გამოცხადებული ნდობისთვის და მინდა ვუთხრა მათ, რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა მათი ნდობა გავამართლოთ. რა თქმა უნდა, ეს არის საპატიო საქმე და დიდი პასუხისმგებლობა და რა თქმა უნდა, ჩვენ ვაცნობიერებთ ამ პასუხისმგებლობას და დღეიდან მხოლოდ საქმეზე უნდა გავაკეთოთ კონცენტრირება“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
ღარიბაშვილმა მიმართა მინისტრებს და აღნიშნა, რომ მათ მხოლოდ საქმეზე უნდა ისაუბრონ.
„ის დაპირება, პროექტები, ინიციატივა, რაზეც ჩვენ საარჩევნო კამპანიის დროს გვქონდა საუბარი, მხოლოდ ამ პროგრესზე უნდა ვესაუბროთ მოსახლეობას. ჩვენ 24-საათიან რეჟიმში, მოტივირებულები, განახლებული ენერგიით უნდა შევუდგეთ საქმეს. კარგად გვესმის, რომ დღეს ძალიან ბევრი გამოწვევაა, პრობლემაა, ეს არის სამუშაო ადგილების სიმცირე, სიღარიბე, უმუშევრობა, პანდემია, ოკუპაცია, ამიტომ ჩვენ დასაკარგი დრო არ გვაქვს. ჩვენ მხოლოდ საქმეზე უნდა გავაკეთოთ აქცენტი და ჩვენი ხალხისა და ქვეყნისთვის 24-საათიან რეჟიმში უნდა ვიმუშაოთ“, – დასძინა ღარიბაშვილმა.