არ ვამბობ, რომ ძმაკაცები ან მეგობრები უნდა ვიყოთ, ეს აუცილებელი არაა, მაგრამ ჯანსაღი პოლიტიკური პროცესის წარმართვა, თანამშრომლობა, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს ოპოზიციის მიერ გამართულ და დაგეგმილ აქციებთან დაკავშირებით საუბრისას განუცხადა.
კალაძე ოპოზიციას საკრებულოებში თანამშრომლობას სთავაზობს და ამბობს, რომ სურს, ჯანსაღი პოლემიკა და დებატები შეეძლოთ.
„მათი გადასაწყვეტია, აქციები გამართონ თუ სხვანაირად გამოხატონ თავიანთი შეხედულება სხვადასხვა საკითხებზე. მე, როგორც ქალაქის მერი, ვისურვებდი, რომ ჩვენ შეგვძლებოდა დაჯდომა, ჯანსაღი პოლემიკა, დებატები. მე, როგორც ქალაქის მერი, მზად ვარ, ეს ნაბიჯები გადავდგა. ისევ და ისევ ამ ქალაქში მცხოვრები ადამიანებისთვის. ნამდვილად არ მინდა საზოგადოების დაყოფა, თბილისელების დაყოფა ჩემიანებად და არაჩემიანებად. ყველას მერი ვარ და ყველაფერს გავაკეთებ მომავალშიც, რომ ამ ქალაქის განვითარება შეუქცევადი პროცესი იყოს, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ყველასთვის. ვგულისხმობ თანამშრომლობას, საკრებულოში ხომ არიან წარმოდგენილები. ის ხომ არაა, რომ ჩვენ ვიცით მხოლოდ ამ ქალაქთან დაკავშირებით ყველაფერი. შეიძლება მეც შემეშალოს, რაღაც გამოგვრჩეს. არ ვამბობ, რომ ძმაკაცები ან მეგობრები უნდა ვიყოთ, ეს აუცილებელი არაა, მაგრამ ჯანსაღი პოლიტიკური პროცესის წარმართვა, თანამშრომლობა, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის და ამ ქალაქის განვითარებისთვის“,- განაცხადა კახა კალაძემ.