დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, მან პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს პანდემიასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებისთვის მადლობა გადაუხადა.
როგორც მან საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან აღნიშნა, ის მხარს უჭერს სავალდებულო ვაქცინაციას სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებში და მასწავლებლებში, თუმცა ეს საკითხი ბევრ ასპექტთან არის დაკავშირებული.
„ქალბატონ პრეზიდენტს დღეს დიდი მადლობა გადავუხადე ოფიციალურად მისი განცხადებისთვის, რაც მან გუშინ პანდემიასთან და პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის მხარდაჭერასთან დაკავშირებით გააკეთა. რა თქმა უნდა, ზოგიერთი პოსტულატი მეც ხშირად გამიჟღერებია. იცით, რომ მომხრე ვარ ზოგიერთ ჯგუფში სავალდებულო ვაქცინაციის, მათ შორის ჩემს კოლეგებში და ასევე, მასწავლებლებში, მაგრამ მოგეხსენებათ, სავალდებულო ვაქცინაციის პრინციპი მარტივად გადასაწყვეტი არ არის. ის დაკავშირებულია ბევრ საკითხთან – ადამიანის უფლებებთან, ქვეყანაში ანტივაქსერული მოძრაობის ინტენსივობასთან, მოსახლეობის განწყობასთან, ბევრი რამ არის გასათვალისწინებელი. ამიტომ, „მწვანე“ პასპორტი სხვა არაფერია, თუ არა ირიბი მანდატორიზმი. დარწმუნებული ვარ, „მწვანე“ პასპორტის რიგი პოსტულატები ქვეყანაში მალე ამოქმედდება. აცრაზე ნებაყოფლობით მოვიდა 33%, ჩვენ რომ წამახალისებელ ღონისძიებებს აქტიურად დავნერგავთ, ალბათ, კიდევ მოიმატებს პროცენტების გარკვეული რაოდენობა, მაგრამ ყველა ქვეყანა მერე რაღაც ზღურბლზე ჩერდება, ზოგიერთისთვის ეს იყო 30-40% და ა.შ. დღევანდელ მსოფლიოს სჭირდება 5-6 თვე, რომ 75%-იან მოცვაზე გავიდეს, ამიტომ ჩვენ მეტად უნდა ვიაქტიუროთ“, – განაცხადა გამყრელიძემ.
ცნობისთვის, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გუშინ ხელისუფლებას მიმართა, სასწრაფო და მკაცრი ზომები მიიღოს იმისთვის, რომ აცრა სავალდებულო იყოს რისკ ჯგუფებისთვის, კოვიდპასპორტი დაწესდეს საჯარო სივრცეებში და ასევე, განიხილონ ფასიანი მკურნალობის შემოღების საკითხიც აუცრელი ადამიანებისთვის.