პირველი შეცდომა მაშინ დაუშვეს, როდესაც აქცია 7 ნოემბერს დააანონსეს, შემდეგ საზოგადოების აღშფოთება ნახეს და გადაიფიქრეს 7 ნოემბერს აქციის ჩატარება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ოპოზიციის მეორე არაადეკვატური ქმედება ის იყო, რომ თვითმმართველობის არჩევნების შედეგებს აპროტესტებდნენ და ამ დროს პარლამენტიდან გასვლაზე საუბრობენ.
„თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ საკრებულოებში პრობლემა არ აქვთ და გადიან პარლამენტიდან. ამის შემდეგ მიხვდნენ, რომ ეს მათი არაადეკვატური საქციელი არ იქნებოდა მათთვისაც გამოსადეგი და გადაწყვეტილება ისევ შეცვალეს. ეს შეიძლება იყოს განპირობებული მათი აგონიით, დაბნეულობით, მარცხით, რომელიც ისედაც მოსალოდნელი იყო.
მათი განცხადებები, ტყუილები, „ფეიკები“, რომელიც მათი მხრიდან ვრცელდება, არის ერთადერთი მიზნით, რომ აღაშფოთონ საზოგადოება. ეს ყველაფერი ტყუილზეა აგებული. ეს არც ჩვენთვის და არც საზოგადოებისთვის არის საინტერესო. აბსოლუტურად სხვა გამოწვევებია ამ საზოგადოებაში და ამ თემებზე უნდა ვილაპარაკოთ. მათი მიზანია, რომ ჩაგვითრიონ ამ დღის წესრიგში. ამაზე ჩვენი სწორება ნამდვილად არ იქნება. თვითმმართველობის არჩევნები მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ გამარჯვებით დამთავრდა და ამ არჩევნების შედეგად ხალხი ელოდება ცვლილებებს, მეტ დინამიკას და ადგილობრივ დონეზე მეტი პრობლემის გადაჭრას. გამორიცხულია, რომ რევოლუციური სცენარი განვითარდეს“, – განაცხადა მდინარაძემ.