კალაძე: ჩემთვის უმთავრესი პრინციპია, რომ უკლებლივ ყველას მერი ვარ

221

ჩემთვის უმთავრესი პრინციპია, რომ უკლებლივ ყველას მერი ვარ, -ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მან აღნიშნა, რომ ყველას მერი იქნება, განურჩევლად ამა თუ იმ ადამიანის პოლიტიკური შეხედულებებისა. კახა კალაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ დედაქალაქში ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდება.

„რამდენჯერმე კონკრეტულ ტელეეთერებში განვაცხადე, რომ ჩემთვის არ არსებობს დაყოფილი თბილისი ჩემიანებად და სხვისიანებად, ეს მიდგომა 2017 წლიდან მოყოლებული არ არსებობდა და ასე ვაპირებ საქმიანობის გაგრძელებას. მე ვიქნები ყველას მერი და მზად ვარ, თითოეული ადამიანის ენთუზიაზმი, ენერგია, ცოდნა და გამოცდილება გამოვიყენო, რათა თბილისი ყველაზე მწვანე, ყველაზე კომფორტულ, ყველაზე მოწესრიგებულ ქალაქად ვაქციოთ. ამ მიზნების მისაღწევად თითოეული თბილისელის ჩართულობა და აქტიურობაა საჭირო, მე თავისუფლებისმოყვარე ახალგაზრდების, მშრომელი და განათლებული ახალი თაობის აქტიურობის დიდი იმედი მაქვს, რადგან ჩემი გულწრფელი სურვილია, ამ ქალაქის ისტორია ერთად დავწეროთ და ერთად ვაქციოთ ეს ქალაქი ბევრად უკეთესი, ვიდრე დღეს არის. ამისთვის ძალიან ბევრი შრომაა საჭირო. მე მზად ვარ ჩემს გუნდთან ერთად, აბსოლუტურად გახსნილები ვართ კომუნიკაციისთვის. მზად ვართ ყველა თაობის ადამიანს მოვუსმინოთ“, – განაცხადა კალაძემ.

თბილისის მერმა აღნიშნა, რომ მისი გუნდი დაკომპლექტებულია პატიოსანი და შრომისმოყვარე ადამიანებით.

„ძალიან აქტიურები ვიქნებით, ძალიან მასშტაბური პროექტების განხორციელება გვაქვს დაგეგმილი და საზოგადოება სულ მალე დაინახავს იმას, რაზეც ვსაუბრობდით. უკვე დაინახავს კონკრეტული პროექტებით რაიონების, ქუჩების, უბნების მიხედვით იმისთვის, რომ მეტი სიცოცხლე შევიტანოთ ყველა უბანში“,-განაცხადა კალაძემ.