თენგიზ ცერცვაძე მთავრობას საყვედურობს – “ისინი არასაკმარისად მკაცრად აკონტროლებენ რეგულაციების აღსრულებას”

377

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე მთავრობას საყვედურობს. მისი თქმით, ქვეყნის ხელმძღვანელი პირები “არასაკმარისად მკაცრად აკონტროლებენ რეგულაციების აღსრულებას”.

IPN-ის ინფორმაციით, მიუხედავად მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარებისა, ცერცვაძე რეგულაციების კიდევ ერთხელ შემოღებას არ ემხრობა.

ამასთან, იგი მომხრეა, რომ საქართველომ ე.წ. მწვანე კოვიდ-პასპორტი შემოიღოს და ვაქცინირებულ ადამიანებს გარკვეული პრივილეგიები მიეცეთ.

“ვემხრობი ე.წ. მწვანე კოვიდ-პასპორტების შემოღებას, ანუ ერთგვარი, ირიბი ვალდებულება, ირიბი იძულება. არავინ აიძულებს აიცრას, ეს ადამიანის თავისუფლებაა, მაგრამ შეიძლება არაპირდაპირი მექანიზმები ამოქმედდეს, როგორიც მუშაობს აშშ-სა და მთელ ევროპაში. ის, ვინც წარმოადგენს ე.წ. მწვანე კოვიდ-პასპორტს, რომ ის ორჯერ ვაქცინირებულია, ან ბოლო 6 თვის განმავლობაში გადატანილი აქვს კოვიდი, ან წარმოადგენს უარყოფით “პისიარ” ტესტს, მას მიეცეს პრივილეგიები გარკვეულ სივრცეებში აქტივობისთვის. თუ არ გინდა აცრა, შეეგუე ერთგვარ დისკომფორტს, არავინ გსჯის შენ“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.