თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქში ავარიული სახლების პრობლემა უნდა მოგვარდეს და დაიწყოს კონკრეტული შენობა-ნაგებობის ახლით ჩანაცვლება. როგორც მან დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განმარტა, ასევე აუცილებელია უსახლკაროების პროგრამის ამოქმედება, რომ თბილისში არც ერთი უსახლკარო ადამიანი აღარ იყოს.
„უკვე უნდა დავიწყოთ მომზადება, რომ მომავალი წლიდან დავიწყოთ კონკრეტული შენობა-ნაგებობის ჩანაცვლება ახლით, რომ იქ მცხოვრებ ადამიანებს ცხოვრებისთვის ყველანაირი პირობა შევუქმნათ. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია დროულად დავამტკიცოთ ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამა. არსებულ პანდემიაში ძალიან დაზარალდა მცირე და საშუალო ბიზნესი, შესაბამისად, მათი მხარდაჭერა, თანადგომა ჩვენ უნდა გავაგრძელოთ 2022 წელსაც და ის პროგრამები, რომელზეც საარჩევნოდ ვსაუბრობდით, დავამტკიცოთ იმისთვის, რომ ხელშეწყობა იყოს, მათ ჰქონდეთ იმის საშუალება და შესაძლებლობა, შეინარჩუნონ თანამშრომლები იმიტომ, რომ ამ ადამიანების უკან დგას კონკრეტული ოჯახები, პატარები. ამიტომ, ბიზნესის ხელშეწყობა და თანადგომა პრინციპულად მნიშვნელოვანია. ასევე აუცილებელია უსახლკაროების პროგრამა. ჩვენ თბილისში 400-მდე ასეთი ოჯახი გვყავს, ვისაც უსახლკარო სტატუსი აქვს მინიჭებული. რა თქმა უნდა, ამ ოჯახებისთვის მუნიციპალური საცხოვრებლის გადაცემა პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ეს ყველაფერი 2022 წლიდან დავიწყოთ და არც ერთი უსახლკარო თბილისელი არ გვეყოლება ბინის გარეშე, ყველა იქნება მაქსიმალურად დაკმაყოფილებული და ამ პრობლემას მოვაგვარებთ. ჩვენ უკვე დაწყებული გვაქვს საბინაო ფონდის შექმნა, წლების წინ გადავდგით კონკრეტული ნაბიჯები იმისთვის, რომ ამ ოჯახებისთვის ეს პრობლემა მოვაგვაროთ“, – განაცხადა კალაძემ. როგორც მან აღნიშნა, ასევე განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამახვილდეს დაუმთავრებელ შენობა-ნაგებობებზე.
„ჩვენ პირობა გვაქვს მიცემული, რომ არც ერთი დაუმთავრებელი შენობა-ნაგებობა არ იქნება თბილისში“, – განაცხადა კალაძემ.