თბილისის მერია საჯარო ხელოვნების ფონდს ქმნის, რომლის ფარგლებშიც თბილისის საჯარო სივრცეებში თანამედროვე ხელოვნების ნიმუშები გამოიფინება

239

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საჯარო ხელოვნების ფონდი იქმნება, რომლის ფარგლებშიც თბილისის საჯარო სივრცეებში თანამედროვე ხელოვნების ნიმუშები გამოიფინება.

როგორც კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, არტისტები, რომელთა ნამუშევრებიც თბილისის სხვადასხვა ტერიტორიაზე განთავსდება, მთელი წლის განმავლობაში კონკურსის საფუძველზე აირჩევიან.

„თანამედროვე ხელოვნების სპეციალისტებთან ერთად ვაფუძნებთ ახალ ინსტიტუციას – საჯარო ხელოვნების ფონდს, რომლის მიზანიც არის, რომ თანამედროვე ხელოვნება ქალაქის განუყოფელი ნაწილი და თითოეული ადამიანისთვის ხელმისაწვდომი გახდეს. ეს მოხდება საჯარო სივრცეებში ხელოვნების ინტეგრაციით. ერთ-ერთი ასეთი სივრცე იქნება ახლად რეაბილიტირებული ვაკის პარკი და ყველა ის სივრცე, რომელიც მოწესრიგებულია. წლის განმავლობაში კონკურსის საფუძველზე აირჩევიან არტისტები და იქნება გამოყოფილი კონკრეტული ადგილები, სადაც მათი ნამუშევრები იქნება განთავსებული. ეს ძალიან კარგია. ეს ამ დარგისთვის ხელშეწყობა იქნება, რომ ამ წარმატებულ ადამიანებს მივცეთ შესაძლებლობა, რომ თავიანთი ნამუშევრები განათავსონ პარკებში“, – განაცხადა კალაძემ.