პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „ტყის კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტი, 8 თანმდევ საკითხთან ერთად განიხილეს.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, კანონის პროექტით ახლებურად წესრიგდება, დაცვითი კატეგორიის ტყესთან, ტყის სტატუსის შეწყვეტასა და ტყის სტატუსის დაბრუნებასთან, მოვლით, სანიტარიულ და სარეკონსტრუქციო ჭრასთან დაკავშირებული საკითხები.
„IX მოწვევის პარლამენტმა დაამტკიცა „ტყის კოდექსი“, რომელიც აგებულია ტყის მდგრადი მართვის ისეთ პრინციპებზე, რომელიც გათვალისწინებულია ჩვენი მრავალმხრივი ხელშეკრულებებითა და ასოცირების ხელშეკრულებით თუმცა, კანონის მიღების შემდგომ გამოვლინდა გარკვეული საკითხები, რომლებიც საჭიროებენ დახვეწას რადგან IX მოწვევის პარლამენტში მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები ტყის მდგრადი მართვის ახლებურ მეთოდებს გვთავაზობენ“, – განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ.
მისი განმარტებით, გარკვეული ცვლილებები დაკავშირებულია ტერმინთა განმარტებებთან და ახლებურ ჩამოყალიბებასთან ისეთი ტერმინებისა, რომლებიც ტყის დაცვისა და ტყის ჭრის წესების განხორციელებისთვის არის აუცილებელი.
მნიშვნელოვანი არსებითი ხასიათის ცვლილებები ეხება ტყის სტატუსის შეწყვეტის საფუძვლებს. წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტით, ზუსტდება, რომ მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით შესაძლებელი იქნება ტყის საზღვრების კორექტირება მხოლოდ და მხოლოდ არსებული ხაზობრივი ნაგებობებისა და ინფრასტრუქტურული ნაგებობების ამორიცხვის შემთხვევაში. კანონპროექტის თანახმად, ტყის აღრიცხვის საფუძველზე, კორექტირების საკითხის დაყენების უფლება მთავრობის წინაშე ეროვნულ სატყეო სააგენტოს ექნება. ტყის სტატუსის შეწყვეტა შესაძლებელი იქნება მხოლოდ საკურორტო-რეკრეაციული მიზნით ტყით სარგებლობის შემთხვევაში. როგორც მომხსენებელმა განმარტა, ცვლილებებით შემოთავაზებულია ტყით სარგებლობის ისეთი ახალი სახეები, რომელიც ეხება მეფუტკრეობის განვითარებას, ტყის არამერქნული რესურსით სარგებლობას და აკვაკულტურის ლიცენზიის ფარგლებში ტყით სარგებლობას. ცვლილებები ასევე, ეხება ტყის პირდაპირი წესით სპეციალურ სარგებლობას და დაკავშირებულია აკვაკულტურის ლიცენზიაისთან.
„ეს არის ის შემთხვევა, როდესაც აკვაკულტურის ლიცენზიის და ტყით სარგებლობის სპეციალური ნებართვის ინტეგრირება მოხდება და აღმოიფხვრება ბიუროკრატიული მექანიზმები. მეფუტკრეობის განვითარება ადგილობრივი მოსახლეობისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი და ასეთ შემთხვევაში პირდაპირი წესით სოფლად შესაძლებელი იქნება სატყეო ტერიტორიის გადაცემა ადგილობრივი მოსახლეობისთვის, დაინტერესებული პირთათვის ისე, რომ ამაზე აუქციონი არ გამოცხადდება“, – განაცხადა მაია ბითაძემ.
მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია ცვლილებები, რომელიც გამოყოფილ ტყეკაფებს ეხება და მოსახლეობის მიერ ვერ მოხდა მათი ათვისება. „ტყის კოდექსის ცვლილებების მიხედვით მათ ამის ათვისების შესაძლებლობა ეძლევათ“, – განაცხადა მაია ბითაძემ. მისივე განმარტებით, მნიშვნელოვანია ის ცვლილებები, ეხება ტყეში დასაწყობებულ, უკანონოდ მოპოვებულ მერქნულ რესურსს, რომელიც გამოძიებისთვის წარმოადგენს ნივთმტკიცებას და რომლის ტყიდან გამოტანა გამოძიების დასრულებამდე ვერ ხერხდება. „წარმოდგენილი კანონპროექტის თანახმად, ნივთმტკიცების განკარგვა შესაძლებელი იქნება იმ შემთხვევაში თუ პირის ბრალეულობა არ დადასტურდა“, – განაცხადა მომხსენებელმა.
პარლამენტმა ტყის კოდექსში განსახორციელებელ ცვლილებებს მხარი 78 ხმით, ერთხმად დაუჭირა.