ამ სახელმწიფოში აღარასოდეს გაითელება ადამიანის ღირსება და ჩვენი საზოგადოებაც არ მისცემს იმის საშუალებას არცერთ მთავრობას და ხელისუფლებას, რომ გათელოს და გაანადგუროს ადამიანური ღირსება და სახელმწიფო გახდეს პირველი ინსტრუმენტი საკუთარ მოქალაქეებთან ბრძოლაში, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჩიქოვანმა პარლამენტის საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, მიღებული მანდატი არის ვალდებულება, რომ უფრო მეტი პროექტი განხორციელდეს.
„მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს მეგობარს, ჩვენი გუნდის წევრს, გოგა გულორდავას, მან თავის ოპონენტს გამარჯვება მიულოცა და უსურვა, რომ წალენჯიხისთვის შეძლოს სასიკეთო საქმეების კეთება. ეს მანდატი, რომელიც ჩვენ მივიღეთ, არის ვალდებულება, რომ კიდევ უფრო მეტი პროექტი განვახორციელოთ. ჩვენ არაერთხელ გამოგვაცხადეს მტრებად, აგენტებად, რუსეთუმეებად, იმ ადამიანებად, რომლებიც ღალატობენ ჩვენს მთავარ ინტერესს და ჩვენი ქვეყნის გაერთიანებას ევროკავშირში, მაგრამ ჩვენ მაინც ვმუშაობთ“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.