გორის მერიაში საკადრო წმენდა დაიწყო. პირველივე დღეს, ახალმა მერმა სოფელ ატენსა და ჭალა-წყაროსუბნის დასახლებაში რწმუნებულები შეცვალა. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.
საკუთარ მოვალეობას აღარ ასრულებენ: ნუგზარ მძინარაშვილი და ლადო მაყიშვილი.
როგორც ატენში, მერის ყოფილი წარმომადგენელი ნუგზარ მძინარაშვილი გვიდასტურებს, პარასკევს, მათთან გამოცხადდა სანდრო ხუციშვილი და თავი ლადო ხინჩეგაშვილის წარმომადგენლად გააცნო:
,,ახალა მე აღარ ვასრულებ მოვალეობას. მოვიდა ჩვენთან სანდრო ხუციშვილი, გაგვეცნო წარმომადგენლად. ჩემთან დაკავშირებით რა იქნება მომავალში, არ ვიცი” – ამბობს ნუგზარ მძინარაშვილი.
რაც შეეხება ჭალა-წყაროსუბნის წარმომადგენლობას, აქ მერიის ოფიციალურ ვებ-გვერდის მიხედვით, კვლავ ლადო მაყიშვილი ითვლება წარმომადგენლად, თუმცა ოფიციალურად მისი უფლებამოსილება შეწყდა. მის ნაცვლად, როგორც მერიაში აცხადებენ, მოვალეობას სპეციალისტი ასრულებს.
გორის მერიის პრეს-სამსახურში დაგვპირდნენ, რომ დეტალურ ინფორმაციას, სამართლებრივ პროცედურებთან დაკავშირებით, მოგვაწვდიან.