გორის საკრებულო მერისთვის მრჩევლის დანიშვნის საკითხს განიხილავს. ახალი თანამშრომლის აყვანის ინიციატივა გორის ყოფილმა მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა წარადგინა, თუმცა თხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, მრჩეველი ახალ მერს ვლადიმერ ხინჩეგაშვილს დაეხმარება. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
განკარგულების მიხედვით, მრჩეველს ევალება მერისთვის რჩევების მიცემა კონკრეტული საკითხების გადაწყვეტისას.
“არსებული პრობლემების ანალიზი, ტენდენციების გამოვლენა, მიზეზების მოკვლევა და პრიორიტეტიზაცია, ახალი ინიციატივების წარმოჩენა, მერის საქმიანობაში ორგანიზაციული კუთხით რჩევების შემუშავება, კონსულტაციის გაწევა მერისთვის კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებისას, მერის სხვა დავალებების შესრულება”, – წერია განკარგულებაში
საკითხზე გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო შესაბამის კომისიის სხდომაზე იმსჯელებს. თხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, ახალი მერი საკუთარ მრჩეველს ხელშეკრულებით აიყვანს.
ინფორმაციისთვის, ერთი წლის განმავლობაში, ყოფილ მერს მრჩეველი არ ჰყავდა.