კალაძე: საერთოდ არ მაინტერესებს, ვინ რა აქციას გეგმავს, ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია საქმის კეთება

409

საერთოდ არ მაინტერესებს, ვინ რა აქციას გეგმავს. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია საქმის კეთება – საქმე, საქმე და საქმე. მივხედოთ ქალაქს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ოპოზიციის მიერ 6 ნოემბერს დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, ოპოზიციას აქციის ჩატარების უფლება აქვს, თუმცა კანონის ფარგლებში.

„ეს მათი უფლებაა, რომ აქციები ჩაატარონ, მთავარია ყველაფერი კანონის ფარგლებში იყოს. რაც შეეხება ჩემს დამოკიდებულებას, ჩემი დამოკიდებულება იქნება საქმის დაპირისპირება, დედაქალაქში კონკრეტული პროექტების განხორციელება, ასე ვაპირებ მომდევნო წლების განმავლობაში მუშაობის გაგრძელებას”, – განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, ოპოზიციის ნაწილი 6 ნოემბერს აქციის გამართვას აპირებს. თავდაპირველად, აქცია “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა ნიკა მელიამ კვირას, 7 ნოემბერს დაანონსა, თუმცა შემდეგ პარტიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ აქცია არა კვირას, არამედ შაბათს, 6 ნოემბერს გაიმართება.