ქადაგიშვილი: თუ მერსა და საკრებულოს შორის თანამშრომლობა არ შედგა იქ, სადაც საკრებულოში უმრავლესობა „ქართულ ოცნებას“ არ ჰყავს, მაშინ კანონით გათვალისწინებულია ხელახალი არჩევნების დანიშვნა

396

თუკი მერსა და საკრებულოს შორის თანამშრომლობა არ შედგა იმ თვითმმართველობებში, სადაც საკრებულოში უმრავლესობა „ქართულ ოცნებას“ არ ჰყავს, მაშინ კანონით გათვალისწინებულია ხელახალი არჩევნების დანიშვნა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

აღნიშნულ საკითხზე საუბრისას ქადაგიშვილმა აღნიშნა ისიც, ადგილობრივ თვითმმართველობებში მაჟორიტართა რაოდენობის შემცირება სწორი გადაწყვეტილება არ იყო.

“რაც შეეხება იმ რამდენიმე საკრებულოს, სადაც “ქართულ ოცნებას“ უმრავლესობა არა აქვს, აქ ჩვენ ორი გზით წავალთ: – ეს იქნება კონკრეტული თანამშრომლობა კონკრეტულ საკითხებზე მერსა და საკრებულოს შორის. თუ საბოლოო ჯამში, ასეთი თანამშრომლობა არ შედგა – არ მოხერხდა ბიუჯეტის დამტკიცება და ასე შემდეგ, მაშინ კანონით გათვალისწინებულია ხელახალი არჩევნების დანიშვნა როგორც მერის, ასევე საკრებულოს მიმართულებით. ჩვენ შეგვიძლია რამდენიმე თვითმმართველობაში პროცესს დავაკვირდეთ, რაც ძალიან საინტერესო იქნება“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგების მიხედვით, “ქართულ ოცნებას” ერთპარტიული უმრავლესობა ექვსი მუნიციპალიტეტის საკრებულოში არ ექნება.

ოპოზიციური უმრავლესობაა შემდეგ მუნიციპალიტეტებში: ბათუმში, ზუგდიდში, მარტვილში, ჩხოროწყუში, წალენჯიხასა და რუსთავში.