ხვალ, 1 ნოემბერს 140 საარჩევნო უბნის შედეგები გადაითვლება.
საოლქო საარჩევნო კომისიები 11:00 საათზე, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, სხდომებზე წილისყრით გამოავლენენ ყოველ საარჩევნო ოლქში იმ უბნებს, რომლის შედეგებიც უნდა გადაითვალოს.
ამასთან, ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი საოლქო საარჩევნო კომისიებს მიმართავს ინიციატივითა და რეკომენდაციით, სავალდებულო 5 უბნის ნაცვლად, გამოავლინონ და გადათვალონ 7-7 საარჩევნო უბნის შედეგი.
გიორგი კალანდარიშვილის თქმით, გადათვლის პროცედურებმა პირველ ტურზე აჩვენა, რომ ამან მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი პროცესის გამჭვირვალობას.
“მოვუწოდებ საოლქო საარჩევნო კომისიებს, გამჭვირვალობის მიზნით უზრუნველყონ კომისიის სხდომების და წილისყრის შესახებ შესაბამისი უფლებამოსილი პირების, საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციების ინფორმირება.
ხვალვე, გადათვლის ცენტრებში 17:00 საათზე დაიწყება ბიულეტენების გადათვლა. უზრუნველყოფილი იქნება საჯაროობა და რა თქმა უნდა, პროცესის ვიდეოგადაღება.
ხელახალი დათვლის პროცესს შეუძლიათ დაესწრონ და დააკვირდნენ უფლებამოსილი პირები: დამკვირვებლები, საარჩევნო სუბიექტებისა და მედიის წარმომადგენლები. მოვუწოდებ მათ, კანონის შესაბამისად განახორციელონ საკუთარი უფლება-მოვალეობები, ხელი შეუწყონ საარჩევნო ადმინისტრაციას გადათვლის პროცესის მშვიდ და კონსტრუქციულ გარემოში წარმართვას. ჩვენ მიზანდასახული ვართ ამ პროცესში მაქსიმალურად გამოირიცხოს თუნდაც ცალკეული შემთხვევები რამაც გადათვლის მიმდინარეობას შესაძლოა ნებისმიერი სახით შეუშალოს ხელი და რა თქმა უნდა, ნებისმიერი სახის ინციდენტის შემთხვევაში გვექნება შესაბამისი რეაგირება”. – თქვა გიორგი კალანდარიშვილმა.
მისივე განცხადებით, გადათვლის ცენტრებში შესვლისას ყველა უფლებამოსილ პირს კორონავირუსის ანტიგენის სწრაფი ტესტი ჩაუტარდება.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს ჩატარდა. ცესკოს წინასწარი შედეგებით, ყველა თვითმმართველ ქალაქსა და თემში, გარდა წალენჯიხისა, ქართული ოცნების მერობის კანდიდატმა გაიმარჯვა.