არავითარ შემთხვევაში არ შევეგუებით იმ უსამართლობას, რომელიც მოგვახვიეს თავს. არავინ იფიქროს, რომ ჩვენ ვიცხოვრებთ ივანიშვილის მიერ დაწერილი ბიულეტენებით,- ამის შესახებ „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციამ ამ არჩევნებზე ოლიგარქს ძალიან დიდი ძალა აჩვენა.
„მოგესალმებით ოპოზიციის სახელით, მოგესალმებით ბრძოლის შემართებით, მოგესალმებით პრინციპულობით და გამარჯვების ჟინით, რომელსაც არ დავთმობთ არავითარ შემთხვევაში. მე მესმის რამდენი ენერგია, რამდენი ემოცია მიაქვს არჩევნებს, ბრძოლას და გამარჯვების მოლოდინს, მაგრამ გამარჯვება არის არა ივანიშვილის გაფორმებული ბიულეტენში გამარჯვება, არამედ არის თქვენი მიცემული ხმა, რომელსაც ჩვენ არ დავთმობთ! არავითარ შემთხვევაში არ შევეგუებით იმ უსამართლობას, რომელიც მოგვახვიეს თავს. არავინ არ იფიქროს, რომ ჩვენ ვიცხოვრებთ ივანიშვილის მიერ დაწერილი ბიულეტენებით, არავინ არ იფიქროს, რომ ჩვენ დავთმობთ ჩვენს ქვეყანას, ან დავთმობთ თქვენს არჩევანს. დღეს, არჩევნებიდან მეორე დღეს ჩვენ შევიკრიბეთ არა უბრალოდ ემოციების გამოსახატავად, ჩვენ შევიკრიბეთ, რომ გაგაცნოთ კონკრეტული გეგმა, საერთო ოპოზიციური გეგმა, ჩვენი ერთობის გეგმა ჩვენი კოალიციის გეგმა, გეგმა, რომელიც აუცილებლად მიგვიყვანს გამარჯვებამდე და თქვენი ნების აღსრულებამდე. მთავარია, რომ ჩვენ ამ არჩევნებზე ოლიგარქს დავანახეთ ძალიან დიდი ძალა. ჩვენ ყველა წერტილში გავაგრძელებთ ბრძოლას თითოეული ხმისთვის, რომელიც საქართველოს მოქალაქეებმა ამხელა ბრძოლის ფასად მისცეს ოპოზიციას, მისცეს ცვლილებებს“, – განაცხადა ხოშტარიამ.