წინააღმდეგობა 1.0 – “სირცხვილიამ” პარლამენტის წინ აქცია ჩანიშნა

644

წინააღმდეგობა 1.0 – მოძრაობა “სირცხვილიამ” დღეს, პარლამენტის წინ 7 საათზე აქცია ჩანიშნა. მოძრაობა განმარტავს, რომ ბოლო რამდენიმე წელია მიუხედავად ცალსახად დანაშაულებრივი და ავტორიტარული რეჟიმისა ისინი მხოლოდ არჩევნებითა და მშვიდობიანი პროტესტით ხედავენ პოლიტიკური კრიზისიდან გამოყვანის გეგმას.

მათი განცხადებით, თავისუფალი არჩევნები “ოლიგარქის ავტორიტარულმა რეჟიმმა საბოლოოდ მიისაკუთრა”.

“არჩევნები ბიძინა ივანიშვილისა და “ქართული ოცნების” ხელში, ყველა სხვა პოლიტიკური პროცესის მსგავსად, სპეცოპერაციად იქცა, რომელშიც ძირითად როლს ძალოვანი უწყებები, კორუმპირებული ცესკო და დიდძალი ფული ასრულებს.

ნიშანდობლივია, რომ მიუხედავად დაშინებისა და არნახული ტერორის, სიძულვილზე აგებული კამპანიის, ადამიანების მოსყიდვის, მუქარის, პროპაგანდის სრულად ამუშავების, დარღვევების, კარუსელების, ბიულეტენების ჩაყრის, ჟურნალისტებსა და დამკვირვებლებზე ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფისა და ერთი სიტყვით, სახის ბოლომდე სრულად დაკარგვის შემდეგ – თავისივე დამორჩილებული ცესკოთითაც კი, სხვაობა ოპოზიციონერ და სამთავრობო კანდიდატებს შორის მინიმალურია.

ხალხმა დააფიქსირა ნება, რომ აღარ გვსურს ერთპარტიულ, ავტორიტარულ რეჟიმში ცხოვრება. ახლა, ან დავიცავთ დემოკრატიას საქართველოში და დავიცავთ საკუთარ ხმას, ან ბოლომდე დავემონებით მას, ვისთვისაც ამ ქვეყანაში ყველა მისგან განსხვავებული სახელმწიფოს მტერია”, – წერენ ორგანიზატორები. 

“სირცხვილია” წერს, რომ ეს ბრძოლა თითოეული ჩვენგანის ხვალინდელ დღეს განსაზღვრავს მომავალი ათწლეულების მანძილზე და ახლა დაშვებული შეცდომა ან გაუბედაობა, აუცილებლად მიგვიყვანს ისტორიულ, შეუქცევად მარცხამდე.