მამუკა ხაზარაძე: არანაირ ქუჩაში გადანაცვლებაზე საუბარი არ არის ამ ეტაპზე, თითოეული ხმა უნდა იყოს დაცული

297

მინდა, მოვუწოდო ყველას, რომ ბრძოლა გრძელდება და ბრძოლა გრძელდება თითოეული ხმისთვის, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ ე.წ. ჩრდილოვანი კაბინეტის წარმომადგენელმა, მამუკა ხაზარაძემ გამართულ ბრიფინგზე.

მამუკა ხაზარაძე „ქართულ ოცნებას“ მანიპულაციაში ადანაშაულებს.

„ის ფაქტი, რომ „ქართული ოცნების“ ახლანდელმა თავმჯდომარემ გამოაცხადა, რომ სულ რაღაც 0,5%-ით, 0,8%-ით იგებენ არჩევნებს, უკვე მიუთითებს, ასეთი შანტაჟის, ამხელა მოსყიდვის, ამდენი ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შედეგად, მაქსიმალურად ყველა უბნებში და ქალაქებში მათ წააგეს.

ამიტომ ბრძოლა გაგრძელდება ბოლომდე. გაგრძელდება თითოეული ხმის დასაცავად, რადგან ქართველი ხალხის ხმებს არ გავატანთ და არ მოვაპარინებთ „ქართულ ოცნებას“, ეს არის გამორიცხული, რადგან აქ სასწორზე დევს ჩვენი ხვალინდელი დღე. ვერ ჩავადებინებთ ჯიბეში იმას, რაც მათ არ ეკუთვნით. ეს არის ჩვენი მყარი პოზიცია, ამიტომ ყველა ჩვენ მხარდამჭერს, ყველა ჩვენ დამკვირვებელს უბნებზე მოვუწოდებთ, რომ ბოლომდე, არანაირი მოდუნება, ბოლომდე ვიბრძვით თითოეული ხმისთვის და ჩვენი წარმომადგენლები ყველა ოლქში გამოვლენ, თავის სიტყვას იტყვიან, თუ რა ხდება ადგილებზე. ეს ფეიკპრესკონფერენცია, რომელიც ჩვენ ახლა მოვისმინეთ, არის იმისათვის, რომ თითქოს არჩევნები მორჩა. არა, არჩევნები არ მორჩენილა, არჩევნები მიმდინარეობს და არჩევნები დამთავრდება სამართლიანად, ამ სამართლიანობის გარანტორები ვიქნებით ჩვენ“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ არანაირ ქუჩაში გადანაცვლებაზე საუბარი არ არის ამ ეტაპზე.

„ჩვენი ფოკუსი ახლა არის ადგილებზე. არანაირ ქუჩაში გადანაცვლებაზე საუბარი არ არის ამ ეტაპზე. ჩვენ ახლა ვსაუბრობთ, რომ თითოეული ხმა იყოს დაცული და ის ოქმები შედგეს, ის დარღვევები, რომელიც ახლა მიმდინარეობს, რომ ჩვენ რეალურად გვქონდეს სურათი. ჩვენ ყველა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს მივაწოდებთ ყველა ამ დარღვევას. ყველაფერი ახლა გროვდება. რაც შეეხება ნიკა მელიას, ახლა ესაუბრება რეგიონებს, ჩვენ ვიღებთ ყოველწუთიერად ინფორმაციას თუ რანაირი დარღვევებით მიდის იქ ეს პროცესი. კიდევ ვიმეორებ, ლაპარაკი არის 0,5,-0,8 პროცენტზე, ამხელა შანტაჟის და ამხელა ზეწოლის ფონზე. „ქართულმა ოცნებამ“ დაკარგა ლეგიტიმაცია, მაგრამ ჩვენ ვართ პასუხისმგებლიანი ხალხი ყველაფერს, ამას დოკუმენტურად ვაჩვენებთ. ჩვენს ყველა წარმომადგენელს და კომისიის ყველა წევრსა თუ კანდიდატებს, რომლებიც იბრძოდნენ, მოვუწოდებთ, რომ არანაირი ფარ-ხმალის დაყრა, ბრძოლა მიდის ბოლომდე, რადგან სასწორზე დევს ჩვენი ხვალინდელი დღე“, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისა მამუკა ხაზარაძემ.