კობახიძე: კრწანისში უბნების ნახევარი დათვლილია, კალაძე – 57.5%, მელია 42.5%

257

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ კახი კალაძემ თბილისში დამაჯერებლად გაიმარჯვა, რასაც კრწანისის რაიონში ხმების დათვლის პროცესიც ადასტურებს.

„თბილისში, კრწანისის რაიონში ელექტრონული ფორმით წარმოებდა კენჭისყრა და შესაბამისად დაუყოვნებლივ ხდება ინფორმაციის გაზიარება. პირველადი მონაცემებით კრწანისის რაიონში უბნების ნახევარი უკვე დათვლილია. მონაცემები შემდეგია: კახი კალაძე 57,5%; ნიკანორ მელია 42,5%. ეს ყველაფერი ადასტურებს იმას, რომ კახი კალაძემ გაიმარჯვა დამაჯერებელი უპირატესობით“, – ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, კახა კალაძეს თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური თითქმის 100 ათასი ხმით აქვს მოგებული. „რა თქმა უნდა გაგრძელდება ხმების დათვლა, მაგრამ ეს ყველაფერი უკვე ცხადია. ანალოგიურად 20-ვე მუნიციპალიტეტში ჩვენ გვაქვს დამაჯერებელი გამარჯვება, რისთვისაც კიდევ ერთხელ უხდით მადლობას ამომრჩეველს“, – აღნიშნა კობახიძემ.

ცნობისთვის, იმედის“ დაკვეთით „გორბის“ მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის თანახმად, 18:00 სააათისთვის ხმების 57,2% კახა კალაძეს აქვს, ნიკანორ მელიას კი – 42,8%.

“მთავარი არხის” ეგზიტპოლების თანახმად, დედაქალაქში “ქართული ოცნების” კანდიდატმა, კახა კალაძემ 49% მიიღო, ხოლო ნიკა მელიამ 51%.