მელია: კომისიის წევრებსა და წარმომადგენლებს მივმართავ – მაგრად დადექით! ჩვენ ვიქნებით უბნების გარეთ, თქვენ იქნებით უბნების შიგნით! არავინ – სახლებში! ყველანი გარეთ!

279

კომისიის წევრებსა და წარმომადგენლებს მივმართავ – მაგრად დადექით! ჩვენ ვიქნებით უბნების გარეთ, თქვენ იქნებით უბნების შიგნით. არავინ – საარჩევნო შტატებში! არავინ – სახლებში! ყველანი გარეთ! – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა და თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ განაცხადა.

მისივე თქმით, როდესაც მმართველი პარტია „აღიარებს“, რომ დამარცხდა რამდენიმე მუნიციპალიტეტში, ეს რიცხვი სულ მცირე ორჯერ და სამჯერ უნდა გამრავლდეს, რეალური შედეგის საჩვენებლად. ამასთანავე, როგორც მელიამ აღნიშნა, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ რეგიონებიდან, იქ სადაც არჩევნების მეორე ტური არ ტარდება, გამოცდილი კომისიის წევრები და დამკვირვებლები გაანაწილეს საარჩევნო უბნებზე, რათა მმართველ პარტიას მანიპულაციების საშუალება არ მისცენ.

„არ მეგულება არც ერთი ადამიანი, ვინც ახლა მე მისმენს, ვისაც მართლა უნდა ხმა მისცეს ინიციატივას, მრავალფეროვნებას, ხმა მისცეს ცვლილებებს და სახლში დარჩება. 2 საათი საკმარისი დროა იმისთვის, რომ ყველა მივიდეთ არჩევნებზე, ვინც ჯერ კიდევ არ მივსულვართ. ვინც უკვე მივედით, თხოვნაა, ვისაც შეგვიძლია, რომელ საარჩევნო უბანზეც ვართ რეგისტრირებულები და ხმას ვაძლევთ, ყველა გავიდეთ და იმ საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე დავდგეთ. თითოეულ ადამიანს შეუძლია დიდი წვლილის შეტანა ამ პროცესში გამარჯვების მოსაპოვებლად. თითოეულ ადამიანს ახლა ფასდაუდებელი როლის შესრულება შეუძლია, ელემენტარულად ტელეფონით აღჭურვილებს, ელემენტარულად შეძახილით, ელემენტარულად გამხნევებით, იმ გმირი კომისიის წევრების, იმ გმირი წარმომადგენლებისა და დამკვირვებლების.

მნიშვნელოვანია, ხალხო, ოლიგარქს ვამარცხებთ, მათ შორის, დედაქალაქში! ამას ვერ ვიზამდით თუ არა ერთობა, ამას ვერ ვიზამდით თუ არა ჩვენი მაქსიმალური მობილიზაცია, მაგრამ ბოლო 2 საათი კიდევ უფრო მეტი უნდა მოვინდომოთ. არ შეგარჩენთ ბატონო კობახიძე, ბატონო ღარიბაშვილო და ბატონო კალაძე, რამდენჯერაც არ უნდა ჩაატაროთ სასოწარკვეთილი ბრიფინგი, არ მოგაპარინებთ ამ ხმებს. „ქართული ოცნება“ პირველად აღიარებს უკანასკნელი 9 წლის განმავლობაში, რომ ისინი აგებენ გარკვეულ მუნიციპალიტეტებს, როდესაც ისინი საუბრობენ, რომ გარკვეულ მუნიციპალიტეტებს აგებენ, ეს მინიმუმ უნდა გაამრავლო ორჯერ და სამჯერ. არც მიკვირს, რომ აგებენ, იმიტომ, რომ მაქსიმალური მობილიზაცია გვაქვს. ბატონმა კალაძემ ის შედეგი რა შედეგიც პირველ ტურში დაიწერა და კერძოდ, 216 ათასი ხმა გაიფორმა, რა თქმა უნდა, ბევრ უბანზე მათ მოახერხეს მანიპულირების შედეგად შედეგის გაზრდა, მაგრამ ჩვენ გავამაგრეთ ყველა საარჩევნო უბანი, მთელი საქართველოდან, სადაც მეორე ტური აღარ ტარდებოდა, იქიდან ვუხმეთ ჩვენს გამოცდილ კომისიის წევრებს, ჩვენს დამკვირვებლებს, ჩვენს წარმომადგენლებს და იმას ვეღარ აკეთებენ, რაც პირველ ტურში გააკეთეს და შესაბამისად, კალაძეს აღარ აქვს ზრდის რესურსი და პლუს, ამას ემატება კოალიციური ერთობა, რომელიც იყო წარმოუდგენლად მოულოდნელი ამბავი „ქართული ოცნებისთვის“, ამას ემატება მიხეილ სააკაშვილის თავდადება. ძვირფასო მეგობრებო, ერთი კონკრეტული ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეგვიძლია ჩვენ ახლა!

კომისიის წევრებს მივმართავ და წარმომადგენლებს – მაგრად დადექით! ჩვენ ვიქნებით უბნების გარეთ, თქვენ იქნებით უბნების შიგნით. არავინ – საარჩევნო შტატებში! არავინ – სახლებში! ყველანი გარეთ!“- განაცხადა მელიამ.