გონიოში ფორმულას გადამღებ ჯგუფს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს — ჟურნალისტის თქმით, ესროლეს ქვებიც

480

გონიოში, საარჩევნო უბანთან ფორმულას გადამღებ ჯგუფს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ტელეკომპანიის გავრცელებულ კადრებში ისმის გინება ჟურნალისტისა და ოპერატორის მიმართ, გარდა ამისა ჩანს, როგორ მოქაჩა თმა ჟურნალისტს ახალგაზრდა კაცმა.

ჟურნალისტი ყვება, გონიოს 91-ე და 92-ე უბანთან მას შემდეგ მივიდნენ, რაც ადგილობრივმა მას ე.წ. ძველი ბიჭების მობილიზების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ჟურნალისტის თქმით, შეკრებილების გაღიზიანება ტელეკომპანიის ლოგომ გამოიწვია და ფორმულას ლოგოს დანახვის შემდეგ მათ მანქანას ქვები ესროლეს.

გარდა ამისა, ფორმულას ჟურნალისტის ინფორმაციით, ადგილზე იმყოფებოდა ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატი, მამუკა კაკაბაძეც.

ჟურნალისტი: თქვენი მაჟორიტარობის კანდიდატი რა მითითებებს აძლევს აქ ძველ ბიჭებს?

რესპონდენტი: ძველ ბიჭებს არა, მეგობრებს

ჟურნალისტი: მეგობარ ძველ ბიჭებს

რესპონდენტი: ძველი ბიჭები გგონიათ თქვენ აქ ყველა, ხო, გონიოში?

ჟურნალისტი: ჩაცუცქულები იყვნენ

რესპონდენტი: ჩაცუცქული, ეს ქართული მენტალიტეტია, ახლა ყველგან იცუცქებიან.

ფორმულას ჟურნალისტი ამბობს, რომ ადგილზე იმყოფებოდა პოლიციის ეკიპაჟი, რომელიც მომხდარით მხოლოდ მას შემდეგ დაინტერესდა, რაც მათ ფიზიკურ უსაფრთხოებას შეექმნა საფრთხე.