ზუგდიდის 26-ე საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ქეთევან კუპრავა უარყოფს ინფორმაციას, რომ აღნიშნულ უბანზე ე.წ. კარუსელის დატრიალების მცდელობას ჰქონდა ადგილი. კუპრავა “ინტერპრესნიუსთან” გამოეხმაურა “ნაციონალური მოძრაობის” პრესსამსახურის წარმომადგენლის, ნენე დალაქიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ ცოტა ხნის წინ, 26-ე უბანზე “ქართული ოცნების” დამკვირვებელი ე.წ. კარუსელის დატრიალებას ცდილობდა.
„არ მინახავს აქ, ისეთი ადამიანი მოსული, რომელსაც ე.წ. კარუსელის დატრიალების მცდელობა ჰქონოდა. ასეთი შემთხვევა აქ არ ყოფილა. მაშინ მაჩვენოს ასეთი ადამიანი. გარეთ რა მოხდა, არ ვიცი, შიგნით მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია”, – განაცხადა ქეთევან კუპრავამ.
ცნობისთვის, ზუგდიდის 26-ე უბანზე “ნაციონალური მოძრაობის” პრესსამსახურის წარმომადგენელ ნენე დალაქიშვილსა და “ქართული ოცნების” დამკვირვებელს შორის დაპირისპირება მოხდა. როგორც ნენე დალაქიშვილმა “ინტერპრესნიუსს” განუცხადა, მმართველი პარტიის მხარდამჭერი მას ფიზიკურად გაუსწორდა. მისი თქმით, უბანზე ე.წ. კარუსელის დატრიალების მცდელობას ჰქონდა ადგილი, რაზეც შენიშვნა გამოთქვა. მისი თქმით, დაპირისპირება სწორედ ამის შემდეგ მოხდა მასსა და “ქართული ოცნების” მხარდამჭერს შორის.