კალაძე: ზოგიერთ ქალაქში შეინიშნება სიტუაციის დაძაბვის მცდელობა და ეს მცდელობები ძირითადად გარკვეული მედიასაშუალების მხრიდან ხდება

238

ზოგიერთ ქალაქში შეინიშნება სიტუაციის დაძაბვის მცდელობა და სამწუხაროა, რომ ეს მცდელობები ძირითადად გარკვეული მედიასაშუალების მხრიდან ხდება, – ამის შესახებ მოქმედმა მერმა და „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ განაცხადა.

მან ასევე განმარტა, რომ მოქალაქეებს, მათ შორის პარტიის აგიტატორებს და აქტივისტებს ფოტოსურათებიანი სიების ქონის და ამ სიების მიხედვით ამომრჩევლების აღრიცხვის უფლება აქვთ.

„პირველ რიგში, მადლობას ვუხდი თითოეულ ამომრჩეველს, თითოეულ თბილისელს, ჩვენს თითოეულ მხარდამჭერს ყველა საარჩევნო ოლქში, ვინც უკვე დააფიქსირა თავისი პოლიტიკური არჩევანი და მხარი დაუჭირა ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან განვითარებას. ამ დროისთვის, 20-ვე ოლქში, სადაც მეორე ტური იმართება, საერთო ჯამში მშვიდი ვითარებაა და მოქალაქეებს აქვთ შესაძლებლობა თავისუფალ, მშვიდ გარემოში გააკეთონ საკუთარი არჩევანი. ზოგიერთ ქალაქში შეინიშნება სიტუაციის დაძაბვის მცდელობა და სამწუხაროა, რომ ეს მცდელობები ძირითადად გარკვეული მედიასაშუალებების მხრიდან ხდება. ამიტომ მოვუწოდებ მათ, მისცენ მოქალაქეებს საშუალება მშვიდ გარემოში გააკეთონ პოლიტიკური არჩევანი და აქვე განვმარტავ, როგორც მათთვის, ასევე ყველა მედიასაშუალებებისთვის, პირველ რიგში კი, საარჩევნო პროცესში ჩართული ადამიანებისთვის – საქართველოს კანონმდებლობით, მოქალაქეებს, მათ შორის, პარტიის აგიტატორებს და აქტივისტებს აქვთ ფოტოსურათებიანი სიების ქონის და ამ სიების მიხედვით ამომრჩევლების აღრიცხვის უფლება. ეს არ არის არავითარი დარღვევა, ამიტომ ნურავინ შეეცდება ამ საბაბის გამოყენებით რაიმე დაძაბულობის შექმნას. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ამ ადამიანებს, ეს იქნება ჩვენი პარტიის წევრები, აგიტატორები, მეგობრებო, თქვენ გააქვთ ამის კანონიერი უფლება, ეს სიები იქონიოთ და 100-მეტრიან რადიუსში იდგეთ და გააგრძელოთ თქვენი საქმიანობა, არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს. აქვე, მადლობას ვუხდით ჩვენს თითოეულ მხარდამჭერს და მოვუწოდებთ კიდევ უფრო მეტი აქტიურობისაკენ. ყველასთვის, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქების, ჩვენი მუნიციპალიტეტების მომავალი, უნდა გამოვიდეთ საარჩევნო უბნებზე და დავაფიქსიროთ ჩვენი პოლიტიკური პოზიცია, გამარჯვება უნდა მივიყვანოთ ბოლომდე“, – განაცხადა კალაძემ.