სუს-მა მოახდინა პრევენცია – ღარიბაშვილი სახელმწიფო გადატრიალების მუხლით დაწყებულ გამოძიებაზე

155

პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის შემდეგ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მმარველი გუნდი გამარჯვებაში დარწმუნებულია.

ჟურნალისტებთან საუბრისას მან ქვეყნის მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ისევ გალანძღა და სახელმწიფოს დამხობის მუხლით სუს-ის მიერ დაწყებულ გამოძიებაზე ისაუბრა.

“ის, რომ გეგმავენ და გეგმავდნენ გარკვეულ არეულობებს, ეს ყველასთვის არის ცნობილი. სახელმწიფო იმისთვის არის სახელმწიფო და სამსახურები იმისთვის არიან, რომ მოახდინონ პრევენცია. მთავარი დანიშნულება პოლიციის, უსაფრთხოების სამსახურების არის, რომ წინასწარ გათვალონ და მოახდინონ პრევენცია. რა თქმა უნდა, თუ ამ დანაშაულის დაგეგმვას, მათ განზრახვებს ქმედება არ მოჰყვა, ეს არის არშემდგარი დანაშაული”, — განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გუშინ, 29 ოქტომბერს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სპეციალური ბრიფინგი გაიმართა, სადაც განაცხადეს, რომ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში მისი გლდანის #8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაყვანის დროს ხელისშეშლა იგეგმებოდა. უწყებამ გამოძიება სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის მიზნით შეთქმულების საქმეზე დაიწყო.

სუს-ის თანახმად, საუბარი იყო აღნიშნული სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან მისასვლელი საავტომობილო გზების სხვადასხვა საშუალებით ბლოკირებასთან. უწყებაში, ასევე, ამბობენ, რომ მსგავს ქმედებებს მიხეილ სააკაშვილის სხვა დაწესებულებებში გადაყვანის დროსაც შესაძლოა ჰქონდეს ადგილი.